ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის განმარტებით, დავით კეზერაშვილის კუთვნილი 51%-დან 25% “ფორმულას” თანამშრომლებს გადაეცემა, რომლებიც შექმნიან გარკვეულ ორგანიზაციას, მისი თავმჯდომარეს კი ტელეკომპანიის ბორდში აირჩევენ.

ამის შესახებ “ფორმულას” ხელმძღვანელებმა დღეს, 18 აპრილს, ტელეკომპანიის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წერილის შემდეგ ისაუბრეს.

ზუკა გუმბარიძის თქმით, ამ ეტაპზე არ აქვთ გადაწყვეტილი, ვინ იქნებიან “ფორმულას” ის თანამშრომლები, რომლებიც წილების გადაცემის შემდეგ ტელეარხის თანამფლობელები გახდებიან, თუმცა, მისი განმარტებით, მათ შორის იქნებიან როგორც ტელეკომპანიის ცნობილი სახეები, ასევე სხვა დასაქმებულებიც.

“25% გადაეცემა “ფორმულელებს”. ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კარგად იცნობთ ეკრანებიდან და ასევე ადამიანები, რომლებიც კადრს მიღმა დგანან, თუმცა უზარმაზარ როლს თამაშობენ, რომ ფორმულა იყოს ეთერში და მაუწყებლობდეს  იმ ფრომით, რა ფორმითაც მაუწყებლობს…

პროცესი იქნება ინკლუზიური. საბოლოოდ, დამფუძნებელი გახდება ბევრი ადამიანი. ეს ადამიანები შექმნიან გარკვეულ ორგანიზაციას, სადაც აირჩევენ თავმჯდომარეს, იმ ადამიანს, ვინც წარმოდგენილი იქნება “ფორმულას” მმართველ ორგანოში, ე.წ. ბორდში, და “ფორმულელების” პოზიცია ყველა დონეზე იქნება გაჟღერებული და გათვალისწინებული”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, კეზერაშვილმა საკონტროლო პაკეტის ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება “ფორმულას” ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.

გუმბარიძის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი შექმნის დამატებით იურიდიულ ჩარჩოს, რომ რომელიმე ერთი დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ერთპიროვნული ჩარევის შესაძლებლობაც კი გამოირიცხოს:

“მთავარი, რასაც ჩვენ, როგორც არხი მივიღებთ, იქნება ის, რომ დღეიდან ვერც ერთი ცალი დამფუძნებელი ვეღარ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არხზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ფორმულას აქამდეც ჰქონდა სარედაქციო პოლიტიკა, ეს პრეცედენტი კიდევ ერთ დამატებით იურიდიულ გარანტიას შექმნის იმისა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა იქნება ხელშეუხებელი და მას კვლავაც განსაზღვრავენ ის ადამიანები, ვინც უნდა განსაზღვრავდეს ამ სარედაქციო პოლიტიკას”, – განმარტა გუმბარიძემ.

რაც შეეხება კეზერაშვილს, გუმბარიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ “ფორმულა”, როგორც ბიზნესი, თვითკმარი არ არის, მის დაფინანსებას დავით კეზერაშვილი კვლავ განაგრძობს.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა დღეს განაცხადა, რომ უარს ამბობს “ფორმულას” საკონტროლო პაკეტის ფლობაზე და საკუთარი წილის ნახევარს ტელეკომპანიის თანამშრომლებს გადასცემს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოვდა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

კეზერაშვილი უარყოფს ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმიანებულ ბრალდებებს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლები დარწმუნებული იყვნენ, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ცილისმწამებლურია, დაშვებები კი – უსაფუძვლო.

ნახეთ ვრცლად:


რას ამბობს გამოძიება კეზერაშვილზე

ჟურნალისტების თანახმად, მათ იდენტიფიცირებული აქვთ თაღლითური ქსელის 152 ბრენდი. პოლიციისთვის ეს ქსელის „მილტონ გრუპის“ სახელითაა ცნობილი, რომელიც თავდაპირველად 2020 წლამდე გამოიყენებოდა.

BBC-ის ჟურნალისტების გამოძიების თანახმად, „მილტონ გრუპთან“ დაკავშირებულ კომპანიებში დირექტორებად ფიგურირებს ხუთი ადამიანი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ეს სახელები და გვარები „პანამის დოკუმენტებში“ მოძებნეს და აღმოაჩინეს, რომ ოთხი მათგანი იყო ან დირექტორი, ან უფროსი ფიგურა კომპანიებში, რომლებიც „მილტონ გრუპამდე“ არსებობდა.

გამოძიების მიხედვით, საბოლოო ჯამში, ამ ინფორმაციამ ისინი დავით კეზერაშვილის სახელთან და გვართან მიიყვანა.

გამოძიების მიხედვით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც ქსელთან კეზერაშვილის კავშირს ადასტურებს, არ არის. აგრეთვე, არ არის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონ გრუპის“ ბრენდებში, თუმცა, როგორც ჟურნალისტებმა მოიკვლიეს, „პანამის დოკუმენტების“ თანახმად, „მილტონ გრუპამდე“ არსებულ ქსელში დამფუძნებლად ან აქციონერად ფიგურირებდა დავით კეზერაშვილი.

ასევე „მილტონ გრუპთან“ დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი ყვება, რომ მათ პირდაპირი კავშირი ჰქონდათ კეზერაშვილთან და იციან, რომ იგი ჩართულია ქსელის საქმიანობაში.

„ბი-ბი-სი“-ს ცნობითვე, კეზერაშვილი ხშირად აპიარებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს თავის სოციალურ ქსელებში, ხოლო მისი რამდენიმე კომპანია იყენებდა ელექტრონული ფოსტის კერძო სერვერებს, რომლებიც ასევე გამოიყენებოდა „მილტონ გრუპის“ კომპანიების მერე.

კეზერაშვილის პასუხი

თავად კეზერაშვილი საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან კავშირი არასდროს ჰქონია.

კეზერაშვილის თქმით, აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი ბერკეტი BBC-ის საგამოძიებო მასალაში „ფაქტების უზუსტობის“ გამო.

დავით კეზერაშვილის სიტყვებით, ყოველთვის გამოთქვამდა მზადყოფნას და დღესაც მზადაა ე.წ. ქოლ-ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის.