ახალი ამბები

გადაუდებლად კალას დეტალური კონსერვაციის გეგმის შემუშავება

18 აპრილი, 2023 • 575
გადაუდებლად კალას დეტალური კონსერვაციის გეგმის შემუშავება

„მემკვიდრეობის პლატფორმა“, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დამცველ არაერთ ორგანიზაციას აერთიანებს, განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ თბილისის ისტორიული ნაწილი საფრთხეშია.

ვრცელ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2001 წელს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა აღიარა თბილისის ისტორიული ნაწილის „გამორჩეული უნივერსალური ფასეულობა“, თუმცა ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად საქართველოს მთავრობას მოსთხოვა, შეექმნა: სათანადო საკანონმდებლო გარემო და მართვის სტრუქტურა, ძეგლის რეაბილიტაციის, რესტავრაციის და ნომინირებულ არეალში ცვლილებებზე კონტროლისთვის საჭირო სახელმძღვანელო დებულებები.

პლატფორმა წერს, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა პროფესიული საზოგადოების მხრიდან, თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემა და, შესაბამისად, მისი დაცულობის ხარისხი უკიდურესად გაუარესდა.

„ბოლო წლებში განსაკუთრებულად საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა თბილისის შუასაუკუნეების პერიოდის ბირთვში, კალაში, სადაც ე.წ. უსტატუსო თუ სტატუსიანი ნაგებობების ნგრევისა და ჩანაცვლების სისწრაფე უკონტროლო და აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ამჟამად, ზემო კალაში, ოქრომჭედლების ქუჩის მიმდებარე კვარტალში, დაგეგმილი ახალი მშენებლობები ნათლად აჩვენებს, რომ იგნორირებულია ისტორიული ქალაქის მთლიანობის მნიშვნელობა და მისი შენარჩუნების აუცილებლობა. ზოგადი დაცვის ზონები იქმნება იმიტომ, რომ ამ ზონებში შესანარჩუნებელია არა მხოლოდ ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობები, არამედ ქუჩათა ქსელი, არქიტექტურული ქსოვილი, პერსპექტივები. ისტორიულ ნაწილში დაცული უნდა იყოს ისტორიული ნაგებობების უმეტესობა და ჩანაცვლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში.

ბოლო პერიოდის კვლევებმა, ნაგებობების გახსნამ, ნათლად აჩვენა, რომ ისტორიული თბილისის არქიტექტურულ ქსოვილში დაცულია აქამდე უცნობი კულტურული და ქრონოლოგიური ფენები. დაუშვებელია ამ ინფორმაციისა და რესურსის დაკარგვა, რაც გარდაუვალია არსებული მართვის სისტემის ფარგლებში.

თბილისის ისტორიულ ნაწილს გააჩნია დაცვის საბაზისო ინსტრუმენტები, როგორიცაა: ზოგადი დამცავი ზონები და რეჟიმები, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის ნაგებობების რეესტრი, კულტურული მემკვიდრეობის კანონში გაწერილი დებულებები, თუმცა პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ათწლეულებია არ ხდება ამ საშუალებების გამოყენება დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
შესაბამისად, ვითარება იმაზე მძიმეა, ვიდრე ამ საბაზისო ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

თბილისის მერიას, რომელსაც დელეგირებული აქვს მთავრობისგან ისტორიული ნაწილის დაცვისა და მოვლის უფლებამოსილებანი, არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური და ისტორიულ ნაწილში პროცესებს მხოლოდ საზოგადოებრივ საწყისებზე მოქმედ კომისიაზე დაყრდნობით და თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის საშუალებით მართავს. დღეს რეალურად თბილისის მერიას ისტორიული ნაწილის მართვისთვის მხოლოდ ნებართვების გაცემის პროცედურა გააჩნია, რომელიც მთლიანად არის დაცლილი შინაარსისგან. ამ პროცედურებში არცერთ ეტაპზე არ გამოიყენება თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რეჟიმები და ურბანული კონსერვაციის საბაზისო საერთაშორისო პრინციპები. არ ხორციელდება მემკვიდრეობის დაცვისთვის აუცილებელი ციკლი: მონიტორინგი, კვლევა, ანალიზი, დაგეგმვა. ასეთ ვითარებაში მერიის ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციის პოზიტიური მიზნების მქონე პროგრამები ფრაგმენტულია და ვერ უზრუნველყოფს ისტორიული ქალაქის, როგორც ურბანული ფენომენის შენარჩუნებას. ასეთი შინაარსისგან დაცლილი პროცესის ფონზე ლეგიტიმურია პროფესიული საზოგადოების შეშფოთება მერიის ახალი ინიციატივის, ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამის მიმართ და მოსალოდნელი შედეგების შიში“.

საქართველოს მემკვიდრეობის პლატფორმა მიმართავს თბილისის მერიას და მოუწოდებს:

  • გადაუდებლად უზრუნველყოს თბილისის ისტორიული ნაწილის შუასაუკუნეების პერიოდის ბირთვის, კალას დეტალური კონსერვაციის გეგმის შემუშავება, რომელიც გამორიცხავს ისტორიული ქსოვილის მთლიანობის რღვევას და გაქრობას;
  • დაიწყოს ურბანული კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის საერთაშორისო პრინციპების შესაბამისი მართვის სისტემისა და მარეგულირებელი დოკუმენტების შექმნა; ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნებოდა შესაბამისი პროფესიული რესურსის მქონე თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის შექმნა;
  • ხელი შეუწყოს მოქალაქეების, საზოგადოებრივი, პროფესიული ორგანიზაციების ჩართულობას თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მზადყოფნას გამოთქვამს თანამშრომლობისთვის.

ამასთანავე, საქართველოს მემკვიდრეობის პლატფორმა მოუწოდებს თბილისის მერიას, გამოიჩინოს სიფხიზლე და მოითხოვოს აქტიური მონაწილეობა თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვასა და მოვლა-პატრონობაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ICOMOS საქართველო
საქართველოს ეროვნული ფონდი
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულო კომიტეტი
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია
სათემო განვითარების ცენტრი
ICOM Georgia
ჩემი ქალაქი
საზოგადოება ბათომი
მწვანე ალტერნატივა
ქართული სახლი
სოლიდარობის მუზეუმი
მდგრადი კავკასია

გარეკანი ფოტო: გადაღებულია 2020 წლის ოქტომბერში. მაშინ თბილისის გალავანზე დარღვევებით აშენებდნენ სასტუმროს. საბოლოოდ, მშენებლობა დროებით შეაჩერეს და მშენებელს 1 სართულის დემონტაჟი დაავალეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი