ახალი ამბები

„24 აპრილიდან ქუჩების მორეცხვა დაიწყება“ – კალაძე

18 აპრილი, 2023 • 5126
„24 აპრილიდან ქუჩების მორეცხვა დაიწყება“ – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 24 აპრილიდან დედაქალაქის ქუჩების მორეცხვა დაიწყება და პროცესი „სისტემატურ ხასიათს“ მიიღებს.

„ორშაბათიდან [24 აპრილიდან] კარგი ამინდებია, შეგვიძლია დავიწყოთ ქუჩების მორეცხვა და ამას უნდა მიეცეს სისტემატური ხასიათი, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში“, – თქვა მერმა.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში მერია დახმარებისთვის სხვა უწყებებს მიმართავს და მორეცხვის მასშტაბების გაზრდისთვის სახანძრო მანქანებსაც გამოიყენებს.

კალაძის მოადგილე, ანდრია ბასილაია ამბობს, რომ წინა წლებში დასუფთავებით სამუშაოებს ხელს უშლიდა ტექნიკის არქონა, თუმცა წელს საჭირო აღჭურვილობა უკვე არსებობს.

„ასზე მეტი ქუჩა მოირეცხება, ყველა მნიშვნელოვანი პანდუსი, გამზირი, გზაგამყოფი და ა.შ. იქნება მოწესრიგებული“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა დავით ფაჩულიამ კი განაცხადა, რომ სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება – „დაიწყება 00:00 საათიდან და გაგრძელდება 07:30 საათამდე“.


გარეკანის ფოტოზე: ქუჩის მორეცხვა 2020 წლის აპრილში, კოვიდპანდემიის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი