ახალი ამბები

ასეთია რუსეთში ხმის ამოღების ფასი – ოპოზიციონერ კარა-მურზას 25 წელი მიუსაჯეს

17 აპრილი, 2023 • 983
ასეთია რუსეთში ხმის ამოღების ფასი – ოპოზიციონერ კარა-მურზას 25 წელი მიუსაჯეს

რუს ოპოზიციონერს ვლადიმერ კარა-მურზას რუსეთის სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სწორედ ამ ზომის სასჯელს ითხოვდა რუსეთის პროკურატურა.

კარა-მურზას სამი მუხლით წაუყენეს ბრალი სახელმწიფო ღალატის, ჯარის შესახებ „ფეიკების გავრცელებისა “ და „უცხოურ აგენტთან“ თანამშრომლობის გამო. სასამართლომ სახელმწიფო ღალატის ნაწილში მას 18 წელი მიუსაჯა, 3 წელი „აგენტთან“ თანამშრომლობისთვის, 7 წელი კი რუსეთის ჯარის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ნაწილში.

„მე ზუსტად ვიცი ჩემი განაჩენი. მე ის ვიცოდი ერთი წლის წინაც, როდესაც ჩემი მანქანის სარკიდან დავინახე, როგორ მომდევდა შავ ნიღბებში გამოწყობილი ხალხი. ასეთია დღეს რუსეთში ხმის ამოღების ფასი“, – თქვა კარა-მურზამ მის დასკვნით სიტყვაში სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამდე.

ვლადიმერ კარა-მურზა, რომლის მოწამვლაც მანამდე რამდენჯერმე სცადეს, 2022 წლის 11 აპრილს დააკავეს მოსკოვში. მას მალევე წაუყენეს ბრალი „ფეიკების“ გავრცელების მუხლით. ეს მუხლი რუსული სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გულისხმობს საჯაროდ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედების შესახებ. ამ მუხლის მაქსიმალური სასჯელი 15-წლიანი პატიმრობაა.

ამ მუხლს ხშირად იყენებენ რუსეთში ოპოზიციონერების წინააღმდეგ. ის გულისხმობს ნებისმიერი იმ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ეწინააღმდეგება კრემლის პროპაგანდას.

მასალების გადაბეჭდვის წესი