ახალი ამბები

პუტინი ჩინეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა, მათ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

17 აპრილი, 2023 • 1474
პუტინი ჩინეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა, მათ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

დღეს, 16 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრს, ლი შანფუს შეხვდა.

ოფიციალურ ვიზიტს ასევე ესწრებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც.

„სამხედრო უწყებების თვალსაზრისით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რეგულარულად ვცვლით საჭირო ინფორმაციას, ვთანამშრომლობთ სამხედრო-ტექნიკურ სფეროში“, – განაცხადა პუტინმა და დაამატა, რომ ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებსაც ატარებს როგორც აღმოსავლეთში „ასევე ევროპაში, ზღვაში, ხმელეთსა და ჰაერში“. 

რაც შეეხება ლი შანფუს, მისი სიტყვების თარგმანი შეხვედრის შემდეგ კრემლმა გაავრცელა. რუსეთის სამთავრობო მედიის Ria-ს ინფორმაციით, მან თქვა, რომ გამიზნულად აირჩია რუსეთი, როგორც მისი პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ:

„მე სპეციალურად ავირჩიე ამისთვის რუსეთი, რათა ხაზი გავუსვა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის განსაკუთრებულ ხასიათსა და სტრატეგიულ მნიშვნელობას“.

ლი შანფუ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე  ერთი თვის წინ დაინიშნა. ის აშშ-ის მიერაა სანქცირებული.


მარტის ბოლოს რუსეთში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩავიდა. ამ 3-დღიან ვიზიტს პეკინმა „მეგობრობის, თანამშრომლობისა და მშვიდობის მოგზაურობა“ უწოდა. ეს იყო ჩინეთის ლიდერის პირველი უცხოური სახელმწიფო ვიზიტი მას შემდეგ, რაც მესამე ვადით ძალაუფლება განიმტკიცა.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი