ახალი ამბები

სერბეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდა – გამოჟონილი დოკუმენტები

12 აპრილი, 2023 • 3976
სერბეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდა – გამოჟონილი დოკუმენტები

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროდან (პენტაგონი) გამოჟონილი დოკუმენტების თანახმად, სერბეთი დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ან უკვე მიაწოდა კიდეც, იუწყება „როიტერსი“.

დოკუმენტის თანახმადვე, ოფიციალურმა ბელგრადმა უარი თქვა უკრაინელი სამხედროების წვრთნაზე, მაგრამ მიაწოდა კიევს იარაღი და აღნიშნა, რომ აქვს პოლიტიკური ნება და სამხედრო შესაძლებლობა, მომავალშიც განაგრძოს მიწოდება.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, სერბეთი, რომელსაც რუსეთთან ისტორიული, კულტურული და სხვა კავშირები აქვს, საკუთარ ნეიტრალურ პოზიციაზე საუბრობდა.

დოკუმენტი, რომელიც 2 მარტით თარიღდება, აშშ-ის შიდა მოხმარებისთვისაა და მისი გადაცემა უცხო ქვეყნებისთვის არ შეიძლება.

„როიტერმა“ დოკუმენტის ავთენტურობის დადასტურება ვერ მოახერხა.

გარდა ამისა,  ამ საკითხზე ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარი უკრაინულ და ამერიკულ მხარეს.

განახლება: სერბეთმა უარყო ინფორმაცია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. ბელგრადში აღნიშნეს, რომ არ გადასცემენ და არც გადაუციათ იარაღი კონფლიქტის მხარეებისთვის.

აგრეთვე, დოკუმენტში აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ოთხ კატეგორიად ყოფს ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინის დახმარება. კერძოდ, ეს კატეგორიებია:

  • ქვეყნები, რომლებმაც დადეს იარაღის მიწოდებისა და უკრაინელი სამხედროების წვრთნის დაპირება;
  • ქვეყნები, რომლებმაც უკვე მიაწოდეს უკრაინას იარაღი;
  • ქვეყნები, რომლებმაც უკვე გაწვრთნეს უკრაინელი სამხედროები;
  • ქვეყნები, რომლებსაც აქვთ სამხედრო შესაძლებლობა და პოლიტიკური ნება მომავალში უკრაინის დახმარებისთვის.

მხოლოდ ორ ქვეყანას ჰქონდა შეფასება „არა“ ოთხივე კატეგორიაში – ავსტრიას და მალტას.


პენტაგონიდან გამოჟონილ დოკუმენტებზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი