ახალი ამბები

10 მოსამართლე აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა — საელჩო

12 აპრილი, 2023 • 1615
10 მოსამართლე აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა — საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, USAID-თან პარტნიორობით, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის 10 ქართველი მოსამართლე საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.

აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ ვიზიტი მიზნად ისახავდა გამოხატვის თავისუფლების ირგვლივ გამოცდილების გაზიარებას. ვიზიტის ფარგლებში მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომებს და შეხვდნენ აშშ-ის სასამართლო ექსპერტებს, ასევე ესტუმრნენ სიტყვის თავისუფლების ინსტიტუტს და ჟურნალისტთა კომიტეტს პრესის თავისუფლებისთვის, რათა მიეღოთ ინფორმაცია გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და იმ გამოწვევების შესახებ, რასაც ჟურნალისტები აწყდებიან.

აშშ-ის საელჩოში აღნიშნავენ, რომ მედიასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვის მიზნით მოსამართლეები ასევე შეხვდნენ „New York Times”-ის წარმომადგენლებს.  ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ დავის განხილვას აშშ-ის ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში და მიეღოთ ღირებული ინფორმაცია სააპელაციო პროცესების შესახებ.

საელჩოს განცხადებით, სასწავლო ვიზიტისთვის მოსამართლეების შერჩევა საკმაოდ კონკურენტული იყო. მათი თქმით, ღია კონკურსში მონაწილეობა სამოცმა კანდიდატმა მიიღო. შერჩეული მოსამართლეები საქართველოს შვიდ სხვადასხვა სასამართლოს წარმოადგენენ:

„შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში. ეს ყველაფერი კი უფრო დემოკრატიული და თანასწორი საზოგადოების განვითარების წინაპირობაა. USAID-თან პარტნიორობით, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის 10 ქართველი მოსამართლე საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა“, — ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის საელჩოში აღნიშნავენ, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და დემოკრატიის საყრდენს ყველგან და ხელს უწყობს ინოვაციას, განათლებას, საზოგადოების ინფორმირებულობას და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებების დაცვაში:

„გამოხატვის თავისუფლების დაცვა ხშირად სწორედ სასამართლოს საშუალებით ხორციელდება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოსამართლეებს და სამართლის სფეროს სხვა პროფესიონალებს, მიიღონ დასაბუთებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და გარე გავლენისგან“, — აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი