ახალი ამბები

სახალხო დამცველმა თანასწორობის მდგომარეობის შესახე ანგარიში წარადგინა

11 აპრილი, 2023 • 998
სახალხო დამცველმა თანასწორობის მდგომარეობის შესახე ანგარიში წარადგინა

ავტორი: თამთა კევლიშვილი

საქართველოს სახალხო დამცველმა თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-8 ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

ანგარიში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებაა.

ანგარიშში წერია, რომ  ევროკომისიის მოწოდების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომელიც დაუცველი ჯგუფების თანასწორუფლებიანობის დაცვას ეხებოდა, 2022 წელს პროგრესი არ შეიმჩნევა ამ მიმართულებით.

მასში განხილულია 2022 წლის განმავლობაში თანასწორობის უფლებების რეალიზაციის მხრივ არსებულ დაბრკოლებები, ქალთა თანასწორობის საკითხები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირთა უფლებები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთა თანასწორუფლებიანობა, ლგბტ+ თემის წევრებისა  და დისკრიმინაციის წახალისების საკითხები.

„საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 153 ფაქტი შეისწავლა. მათგან ყველაზე მეტი – 20% განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევას შეეხებოდა. სქესის/გენდერის და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე განმცხადებელთა 13-13% მიუთითებდა. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით – 11%, ხოლო ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე განხორციელებულ დისკრიმინაციაზე განმცხადებელთა 10% დავობდა. ეროვნების/მოქალაქეობის დაცული ნიშანი 7%-ში, პოლიტიკური შეხედულება კი განცხადებების 4%-ში იკვეთებოდა. რელიგიის და პროფესიული კავშირის წევრობის გამო სავარაუდო დისკრიმინაცია ვლინდებოდა მომართვების 2-2%-ში. სხვა ნიშნების საფუძველზე დისკრიმინაციულ მოპყრობაზე დავა განცხადებების 18%-ს შეადგენდა“, – ვკითხულობთ 2022 წლის სპეციალურ ანგარიშში.

სახალხო დამცველმა ასევე გასცა რეკომენდაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სხვა ორგანიზაციებისათვის.

ჯამში, 2022 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა თანასწორობის საკითხებზე 10 რეკომენდაცია და 3 ზოგადი წინადადება გამოსცა და სასამართლოს მეგობრის 2 მოსაზრება მოამზადა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი