ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დალოცვა ქართული ღვინით და სხვა სკანდალური ფაქტები ბჟანიას გარშემო

11 აპრილი, 2023 • 6772
დალოცვა ქართული ღვინით და სხვა სკანდალური ფაქტები ბჟანიას გარშემო

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


მიმდინარე დღეებში აფხაზეთში სკანდალური ფაქტების სიუხვეა. თითოეული შემთხვევა, დომინოს პრინციპით, პრეზიდენტ ასლან ბჟანიას უკავშირდება.

მათ შორის მთავარია პრეზიდენტ ასლან ბჟანიას იუბილე. სანამ აფხაზეთის ლიდერი მილოცვებს იღებდა რუსი და ბელარუსი ჩინოვნიკებისგან, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო სოფელ ლიხნში მდებარე  თითქმის ორსაუკუნოვანი, დაზიანებული ცაცხვის ხის შესახებ. ეს კონკრეტული ხე არა მხოლოდ ბუნებრივი ძეგლია აქ, ის აფხაზური დემოკრატიის სიმბოლოდაც მიიჩნევა. სწორედ ამ ხის ქვეშ ამცნეს აფხაზებს, რომ გაუქმდა ბატონყმობა. ამ ცაცხვის ქვეშ აფხაზები იღებდნენ გადაწყვეტილებას, შეერთებოდნენ თუ არა რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას. აქ წყდებოდა კოლექტივიზაციის საკითხიც, გლეხების მომავალი კოლმეურნეობებში. აქ კრებდა ხალხს აფხაზების დიადი ლიდერი ვლადისლავ არძინბა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ეს ცაცხვი არის წმინდა ხე და ამასთან, ტრადიციული აფხაზური, წარმართული კულტურის ნაწილი. 

5-6 აპრილის ღამეს უცნობებმა ცაცხვი ბენზოხერხით დააზიანეს. დაზიანება ღრმაა. აფხაზეთის მთავარი ეკოლოგის, პროფესორის, ეკოლოგიის ინტიტუტის დირექტორის, რომან დბარის თქმით, დაზიანებულია ის შრეები, საიდანაც ხე ფესვებიდან იკვებება, და ხე დაიღუპება, თუ პროცესი აპრილშივე არ გააქტიურდება და გაფოთვლას არ დაიწყებს. 

აფხაზებისთვის მნიშვნელოვანი სიმბოლოს განადგურების თავიდან ასაცილებლად მეცნიერები ყველა ზომას იღებენ – მათ შორის არის ხის დამუშავება სპეციალური ცვილით და ცაცხვის ცენტრში ბეტონის ჩასხმა. ასე გადაარჩინეს ერთხელ უძველესი ცაცხვი სოხუმის ბოტანიკურ ბაღშიც, რომელიც დღეს საკმაოდ მყარად დგას და ყვავის.

ხის დაზიანების შესახებ ინფორმაციამ საზოგადოება ააღელვა. ოპოზიციურად განწყობილი აფხაზეთის მოსახლეობა, საკუთარი ინტერპრეტაციებით, პროვოკაციაზე საუბრობს. ერთნი ამბობენ, რომ ეს არის სიგნალი პრეზიდენტისთვის, რომ არასწორ კურსს ადგას და ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს იღებს, იქნება ეს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გასხვისება თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მისაყიდი აპარტამენტების მშენებლობა – აფხაზეთის სტატუსის დაკარგვას გამოიწვევს. 

მეორენი პირიქით – ამბობდნენ, რომ დაზიანებული ხის სახით ბჟანიასთვის პროვოკაციას აწყობენ და ამისთვის იყენებენ ადამიანებს ფსიქიკური პრობლემებით, რადგან აქ არავის უნდა დაჯერება, რომ “ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანი ამას ჩაიდენდა”. 

დაზიანებული ხე არ არის ერთადერთი განსახილვლელი ამბავი. რუსი მოდელის, პოლინა ამოსოვას ინსტაგრამ გვერდზე გამოჩნდა ორი ვიდეორგოლი. ერთი არის არქივიდან, სადაც იგი ასლან ბჟანიასთან ხუმრობით მკლავჭიდითაა დაკავებული, ქვემოთ კი არის ტექსტი მილოცვით, სადაც წერს, რომ პრეზიდენტი ძალიან ყურადღებიანია უსახლკარო ცხოველების მიმართ. 

მეორე ვიდეო მოგვიანებით გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ რუსი მოდელი რესტორანში ღვინის ჭიქით იუბილეს ულოცავს ასლან ბჟანიას. ასევე ამბობს, რომ მისი ჯანრთელობის სადღეგრძელოს სვამს ქართული ღვინით. შემდეგ კი კამერის ობიექტივი გადადის საფერავის ბოთლზე. ეს ვიდეოპოსტები მოგვიანებით წაშალეს, თუმცა დარჩა ჩანაწერები და სქრინშოთები, რომლებიც აფხაზეთში ყველა ჩათში გავრცელდა. 

პრაქტიკულად არ დარჩენილა აფხაზეთში სოციალური ქსელების მომხმარებელი, ვისაც ამაზე აზრი არ გამოუხატავს. ერთ-ერთი იყო პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, სკანდალურად ცნობილი თენგიზ აგრბა. 

მან საკმაოდ ხისტი ფორმით დაგმო მომხდარი და ბჟანიას დამნაშავე უწოდა ხის დაზიანების ინციდენტში. ამასთან, პრეზიდენტი საეჭვო რეპუტაციის მქონე მოდელებთან კავშირში დაადანაშაულა და სამარცხვინო უწოდა. 

ამ პოსტის პუბლიკაციიდან  24 საათიც არ იყო გასული, რომ თენგიზ აგრბა ხელებისა და თითების მოტეხილობით საავამდყოფოში მოხვდა.

დეპუტატის ცემაზე პირველად ოპოზიციონერმა ახრა ბჟანიამ ისაუბრა. მოგვიანებით კი ოპოზიციურ ბლოკში შემავალმა სხვა ორგანიზაციებმა მომხდარის გამოძიების მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს.

თვითმხილველთა მონაყოლით, დეპუტატზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ ასლან ბჟანიას შვილი და ახლო ნათესავები – ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები.

აფხაზეთში პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, ხელისუფლებამ ოპოზიციას სიტუაციის გამოყენების შესაძლებლობა მისცა და სათუოა, რომ ვინმე არ გამოიყენებს ამ არგუმენტებს. ამჟამად აფხაზეთში აღდგომის დღესთან დაკავშირებით ემზადებიან და სიმშვიდეა, თუმცა, 16 აპრილის შემდეგ, შესაძლოა, პოლიტიკური მოვლენები გამწვავდეს.


მასალების გადაბეჭდვის წესი