ახალი ამბები

პარლამენტთან ენმ-ს აქცია “ერთად ევროპაში” მიმდინარეობს

9 აპრილი, 2023 • 1398
პარლამენტთან ენმ-ს აქცია “ერთად ევროპაში” მიმდინარეობს

ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაიწყო. აქციის სახელწოდებით “ერთად ევროპაში” მიზანი საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერაა.

აქციის ორგანიზატორის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მათ 4 ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  • “რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციების მონაწილე ლაზარა გრიგორიადისის გათავისუფლება
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა
  • საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება
    ევროკავშის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, მათ შორის კი ხაბეიშვილის განცხადებით პრიორიტეტულია: დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფრომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა.

“ამ 4 მოთხოვნის გარშემო ჩვენ აბსოლუტურად ყველას ვთავაზობთ დისკუსიასაც, ერთობასაც, საერთო ბრძოლის ხაზსაც. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, გადადეთ თქვენი პირადი, გადადეთ თქვენი პარტიული ინტერესები, დაამარცხეთ თქვენს თავში კომპლექსები, და ნუ დაინტერესდებით, რას იტყვის რუსი ოლიგარქი თქვენზე. მთავარია რას ფიქრობს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მონაწილეები შეკრებილი არიან სხვადასხვა დროშით, მათ შორის ევროკავშირისა და საქართველოს გაერთიანებული დროშებით, ასევე აშშ-ისა და უკრაინის დროშებით.

აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი