ახალი ამბები

ჩვენი წინსვლა თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს – ღარიბაშვილი 9 აპრილზე

9 აპრილი, 2023 • 1035
ჩვენი წინსვლა თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს – ღარიბაშვილი 9 აპრილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ უკეთესი საქართველოსკენ შემდგომი წინსვლა თავისუფლების იდეალის გარშემო ისეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს, როგორც 34 წლის წინ ამ დღეს. აღნიშნული განცხადება მის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, 9 აპრილი არის ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღე, როდესაც თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა საქართველომ მსოფლიოს განუცხადა საკუთარი გადაწყვეტილება დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული ქვეყნის მშენებლობის თაობაზე:

“საბჭოთა რეჟიმის სისასტიკემ მხოლოდ განამტკიცა ქართველი ხალხის ნება, გააძლიერა ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ.

ზვიად გამსახურდია ამბობდა: „ყველაფერი შეიძლება წაართვა ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას“. სწორედ ეს შეგრძნება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას განსაზღვრავდა, ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა 1989 წლის 9 აპრილს.

დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი სისხლის ფასად გაგვიკვალა გზა თავისუფლებისკენ. მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული მოქალაქისადმი, ვინც იმ გმირულ დღეებში ერთსულოვნებით, თავდადებითა და თანადგომით განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის ქვეყნების მომავალი.

ჩვენი შემდგომი წინსვლა უკეთესი საქართველოსკენ კვლავ თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტთან 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. მემორიალთან მისვლით დაღუპულთა ხსოვნას პიტივი მიაგეს ასევე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც, მათ შორის ენმ-ს რუსთაველზე იმყოფებოდა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, პარტია “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური და სხვები.

1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 – მოგვიანებით, საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ,ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.

რა მოხდა 9 აპრილს თავად სსრკ-ის საარქივო დოკუმენტების მიხედვით

მასალების გადაბეჭდვის წესი