ახალი ამბები

გრიბოედოვის თეატრი ფინანსურ დახმარებას რუსეთიდან მიიღებს

8 აპრილი, 2023 • 1709
გრიბოედოვის თეატრი ფინანსურ დახმარებას რუსეთიდან მიიღებს

რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „Tass” აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, 2023 წელს რუსული თეატრები რუსეთისგან ფინანსურ მხარდაჭერას 10 ქვეყანაში მიიღებენ. სიაში ერთ-ერთია თბილისში არსებული ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი.

ამის შესახებ ისაუბრა რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილე ალლა მალინოვამ, მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე „რუსული თეატრი საზღვარგარეთ, როგორც რუსული კულტურის ინსტიტუტი” (რუს: “Русский театр за рубежом как институт русской культуры”).

მანილოვას თქმით, რუსეთს გარეთ მდებარე რუსული დრამატული თეატრების დაფინანსება განხორციელდება უახლესი თეატრალური სასცენო დანადგარების შესყიდვისა და საპრემიერო დადგმების ხელშეწყობის მიმართულებით.

„5 მილიონი რუბლი (დაახლ. 60 ათასი აშშ დოლარი) გამოყოფილი იქნება სასცენო დანადგარებისთვის, 5 მილიონი კი — საპრემიერო დადგმების ხელშესაწყობად”, – განაცხადა მან.

კულტურის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთს გარეთ არსებული რუსული  თეატრების დაფინანსების წყარო იქნება ავტონომიური არაკომერციული ორგანიზიაცია „რუსული სეზონები” (რუს: “Русские сезоны”).

ფინანსურ დახმარებას მიიღებენ რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრები აფხაზეთში, სომხეთში, ბელარუსში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და სამხრეთ ოსეთში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი