ნეაპოლში დაიბადა ბავშვი, რომელსაც მშობლებმა ხვიჩა დაარქვეს. ბავშვის მამასთან ინტერვიუს ადგილობრივი სპორტული გამოცემა Spazionapoli ავრცელებს.
ბავშვის სრული სახელია დანიელ ხვიჩა. მისი ორივე მშობელი ნაპოლის საფეხბურთო გუნდის გულშემატკივარია.
„მე ნაპოლის დიდი გულშემატკივარი ვარ და, როგორც მიხვდებოდით, მამაჩემიც ასეთი იყო. 1986 წელს დავიბადე და დიეგო არმანდო მარადონას პატივსაცემად მეც არმანდო დამარქვეს. რაც შეეხება ჩემს პარტნიორს, ეს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებაა“, – ამბობს ჩვილის მამა არმანდო.
ინტერვიუს ბოლოს ის დასძენს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან შეხვედრა – „ჩემი პატარა ოცნებაა“.
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში სათამაშოდ წელს გადავიდა. საფეხბურთო კლუბი ნაპოლი ამჟამად პირველ ადგილზეა და ჩემპიონობასთან ახლოსაა, ხოლო თავად ხვიჩა სამჯერ გახდა სერა ა-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი. ნაპოლის იტალიის ჩემპიონატი აქამდე სულ ორჯერ მოუგია. ორივე ტიტული დიეგო მარადონას სახელთანაა დაკავშირებული, რომელიც 80-იან წლებში სწორედ ნეაპოლში თამაშობდა.
