ახალი ამბები

„ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველოში კლანური, კორუფციული სასამართლოა“ — ხაბეიშვილი

5 აპრილი, 2023 •
„ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველოში კლანური, კორუფციული სასამართლოა“ — ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი გავლენიანი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება არის ისტორიული და უპრეცედენტო“.

ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო კლანური მმართველობის სასამართლო სისტემით, ანტიდასავლური რიტორიკით და რეპრესიებით:

„ამასობაში ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება არის ისტორიული და უპრეცედენტო. მოგეხსენებათ, ოთხი მოსამართლე დასანქცირდა და მათი ოჯახის წევრებიც, რაზეც ოფიციალური განცხადებაც გაკეთდა. ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის ამ კორუფციული, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, რომ სანქცირება მოუწევდათ უკვე კონკრეტულ თანამდებობის პირებს და აქ საუბარია მურუსიძეზე, ჩინჩალაძეზე, შენგელიაზე, ცერცვაძეზე“, — აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილის შეფასებით, ეს ნაბიჯი საქართველოს პარტნიორებისგან არის ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა:

„ეს პროცესი უკვე დაიწყო და ეს არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ანადგურებს. ეს ეხება იმ 76 ქართველ გარუსებულ დეპუტატს, რომლებმაც „რუსულ კანონს“ მისცა ხმა. მინდა მივმართო მათ, სად მიჰყვებით რუს ოლიგარქს.

მინდა ასევე მივმართო პროკურორებს, სუს-ის უფროსს ბატონ ლილუაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს გომელაურს და მაღალი თანამდებობის პირებს, აღარაფერს ვამბობ კობახიძეზე, ღარიბაშვილზე, ვინც ანადგურებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ყველას მოგეთხოვებათ პასუხი და ეს გზავნილი არის თქვენთვის და შემდეგი რიგში ხართ უკვე თქვენ, ისევე როგორც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი“, — აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ე.წ. კლანის წევრ ქართველ მოსამართლეებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოახდინა მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

„აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, — ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ენტონი ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას.

„ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება, იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად. პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328) (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა“, — ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი