ახალი ამბები

სტუდენტების პროტესტის ფონზე სამხარაძემ თსუ-ში გრძელვადიანი შვებულება აიღო

6 აპრილი, 2023 • 1786
სტუდენტების პროტესტის ფონზე სამხარაძემ თსუ-ში გრძელვადიანი შვებულება აიღო

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7-თვიანი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება აიღო. ის ამ უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე ლექციებს კითხულობს,

როგორც „ნეტგაზეთს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადეს, სამხარაძემ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების აღების თხოვნით სემესტრის დასაწყისამდე (მარტი) მიმართა და სექტემბრამდე შვებულებაში გავიდა.

სტუდენტების პროტესტის ფონზე ნიკოლოზ სამხარაძის მიერ თსუ-ში ხანგრძლივი შვებულების აღების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება დროში ემთხვევა იმ ფაქტს, რომ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერის გამო სტუდენტებმა ნიკოლოზ სამხარაძის საგანზე უარი თქვეს, რის გამოც ის დაკისრებულ საათთა რაოდენობასაც ვეღარ შეასრულებდა.

„ისე დაემთხვა დროში, რომ ამ პერიოდში ზუსტად, ერთი მხრივ, სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, რომ შეგვეცვალა ლექტორი და ზუსტად ამ პერიოდშივე ითხოვა სამეცნიერო შვებულება. სტუდენტებს რომ არ ეთხოვათ, ისედაც მოგვიწევდა ამ საკითხზე მსჯელობა და თუ მიმართულება თანახმა იქნებოდა, გადასულიყო შვებულებაში“, — განუცხადა „ფორმულას“ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სალომე დუნდუამ.

„ნეტგაზეთმა“ სცადა დაკავშირება ნიკოლოზ სამხარაძესთან, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

ნიკოლოზ სამხარაძე ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატთაგან, ვინც მხარი დაუჭირა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს. კანონპროექტის კენჭისყრამდე ნიკოლოზ სამხარაძეს მისმა ყოფილმა სტუდენტებმა მიმართეს და სთხოვეს, წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას. სამხარაძემ სტუდენტებთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

2 მარტს განცხადება გაავრცელეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებმა და თქვეს, რომ კანონპროექტის მხარდამჭერი პოზიციიდან გამომდინარე, უარს ამბობენ ნიკოლოზ სამხარაძის სალექციო კურსის გავლაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი