ახალი ამბებიეკონომიკა

როგორ შეამცირა ნავთობზე „ფასის ჭერმა“ რუსეთის შემოსავლები

10 აპრილი, 2023 • 10807
როგორ შეამცირა ნავთობზე „ფასის ჭერმა“ რუსეთის შემოსავლები

ავტორები:


რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-14 თვეს მოსკოვს იმედი აქვს, რომ დასავლეთი ინტერესს დაკარგავს. ომზე სულ უფრო ნაკლები იწერება, ხოლო რუსეთის სანქცირებისთვის გადადგმული მტკივნეული ნაბიჯები სულ უფრო ნაკლები პოპულარობით სარგებლობს.

დიდმა შვიდეულმა და ევროკავშირმა ერთ მნიშვნელოვან საქმეში  გამოარკვიეს, როგორ მიაყენონ რუსეთს მნიშვნელოვანი ზიანი და, ამავე დროს, მსოფლიო ეკონომიკასაც წაეშველონ. დროა, კრემლზე ზეწოლის ბერკეტი კიდევ უფრო მეტად იყოს გამოყენებული.

2022 წლის 24 თებერვლამდე რუსეთის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი გაზისა და ნავთობის გაყიდვიდან შემოსულ თანხას შეადგენდა, ხოლო რაც უფრო იზრდებოდა მათი ფასები, მით უფრო იზრდებოდა კრემლის შემოსავალი. ტანკები წინ მიდიოდა, ნავთობის ფასი კი კრემლის შემოსავალთან ერთად იზრდებოდა. 2022 წლის ხანგრძლივ მონაკვეთში რუსეთი დიდ შემოსავალს იღებდა ომიანობისას ფასმომატებული ნავთობით, რაც ფაქტობრივად ომს აფინანსებდა.

პრობლემა ის იყო, რომ რუსეთის მიერ ექსპორტირებული ნავთობის მოცულობის გამო სანქცირების ჩვეული გზები ვერ იმუშავებდა. ფართომასშტაბიანი ემბარგო რუსულ ნავთობზე ფასებს გაზრდიდა და არაერთ ქვეყანას დააზარალებდა.

რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დაწესება იყო ზომა, რომელიც ბაზარზე რუსულ ნავთობს შეინარჩუნებდა, ამავე დროს კი, კრემლის შემოსავალს შეამცირებდა.

ევროკავშირმა, რომელიც ისტორიულად, რუსული ნედლი ნავთობის დაახლოებით ნახევარს და საწვავი პროდუქტების 90%-ზე მეტს ყიდულობდა, შეზღუდა იმპორტი რუსეთიდან, როცა ფასის ჭერი დაწესდა. ამან კრემლს გაურთულა საექსპორტო ბაზრების მოძებნა.

კერძოდ, დიდი შვიდეულის, ევროკავშირისა და ავსტრალიის კომპანიები ვერ  მოემსახურებიან რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებას, თუ ფასი ჭერს ზემოთაა.

ბევრი რამ მოწმობს, რომ ფასის ჭერი გეგმისამებრ მუშაობს. რუსული ნავთობი ბაზარზე რჩება, ბაზარი კიდიდად არ დარდობს  რუსული ნავთობის დაკარგვას. ჭერის დაწესების შემდეგ რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი ოდნავ გაიზარდა, ფასი კი სტაბილურ დონეზე შენარჩუნდა.

გარდა ამისა, ფასის ჭერი კრემლის ბიუჯეტს ამცირებს. რუსული „ურალსის“ ფასი გლობალურ ფასებთან შედარებით ბევრად დაეცა მას შემდეგ, რაც ეს შეზღუდვები დაწესდა.

ნავთობის ბაზარი არც ისე გამჭვირვალეა და არის მოსაზრება, რომ არსებული მონაცემები არ ასახავს რუსეთის შემოსავალს. ჭერის მუშაობის მტკიცებულებაა კრემლის განცხადებები და ქმედებები. მაგალითად, თებერვალში რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ სამჯერ გაზარდა გაყიდვები უცხო ვალუტაში ნავთობისგან მიღებული დაბალი შემოსავლის საკომპენსაციოდ. უწყების სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის იანვარში ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი რუსეთში 60%-ით ნაკლებია 2022 წლის მარტთან შედარებით.

ამასთან ერთად, ჭერს ზემოთ გადახდილი ფასით მიღებული თანხა კვლავ რუსულ ანგარიშებზეა უცხოურ ვალუტაში, მათ შორის- „გაზპრომბანკში“. ახლა კარგი დრო იქნებოდა ამ თანხების გაყინვისთვის, ანუ, გაყიდვის შემდეგ ფასის ჭერის დაწესება. ეს ექსპორტს ხელს არ შეუშლის, ვინაიდან ახალი შემოსავლები არ გაიყინება მანამ, სანამ ფასი ჭერის ფარგლებშია.


ფასის ჭერი – დასავლეთის ქვეყნების და მათი მოკავშირეების მიერ დაწესებული ზედა ზღვარი რუსული ნავთობის ფასზე. ამ ზღვარზე მაღლა ნავთობის შესყიდვა არ შეუძლიათ შეზღუდვის დამცავ ქვეყნებს. ამ ზომით მცირდება რუსეთის ბიუჯეტის შემოსავალი, რომელიც დიდწილად ნავთობზეა დამოკიდებული, თუმცა ბაზარზე არ იქმნება დეფიციტი, ვინაიდან კრემლს კვლავ შეუძლია ნავთობის გაყიდვა.


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად. 

თარგმანი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი