ახალი ამბები

რებრენდინგი „ბილაინში“ — კომპანია აბონენტებს ახალი სახელით მოემსახურება

5 აპრილი, 2023 • 1767
რებრენდინგი „ბილაინში“ — კომპანია აბონენტებს ახალი სახელით მოემსახურება

ავტორი: ლიზა ბულია

მობილური ოპერატორი „ბილაინი“ ამიერიდან მომხარებელს ახალი სახელით მოემსახურება.  „ბილაინის“ ახალი სახელწოდება „სელფია“.

5 აპრილიდან მობილური ოპერატორის მოხმარებლებლებს ტელეფონი ავტომატურად მოსთხოვს განახლებას იმ სერვისებზე, რომლებიც განახლდა. მაგალითად, ასეთია მობილური აპლიკაცია, რომლის სახელიც დღეიდან Myselfie იქნება.

კომპანიის განცხადებით, ახალი ბრენდით მომხმარებლებს, ტრადიციული ტელეკომ სერვისების გარდა, წვდომა ექნებათ ისეთ სერვისებზეც, როგორიცაა სპორტი, ფიტნესი, ტელევიზია, განათლების მიღება და მოგზაურობა.

„ბრენდის გაჩენა განაპირობა კომპანიის სურვილმა, მიგვეცა მომხმარებლისთვის წვდომა ყველა იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და უმარტივებს ყოველდღიურობას. შეიძლება ითქვას, რომ „სელფის“ მეშვეობით მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის ყველა ფუნქციას სრულად იყენებს, რადგან „სელფი“ აბონენტს ყველაფერს, რაც მას სჭირდება, ერთდროულად სთავაზობს: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა თუ მუშაობისთვის საჭირო გადაწყვეტებს“, — განაცხადა „სელფი მობაილის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ბერიშვილმა.

„ბილაინის“, იგივე „ვიონი საქართველოს“ 100%-იანი წილი, რომელიც სანქცირებული რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის მფლობელობაში იყო, გასულ წელს ქართველმა ბინზესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ შეიძინა.

„ვიონი“ 2007 წელს შემოვიდა ქართულ ბაზარზე „მობიტელის“ სახელით და ფიჭური კომპანია „ბილაინის“ ბრენდით დაიწყო მუშაობა. „მობიტელი“ ეკუთვნოდა რუსულ „ვიმპელკომ ჯგუფს“, რომელსაც 2017 წლის რებრენდინგის შედეგად „ვიონი“ ეწოდა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, „ვიონი საქართველოს“ ორი მფლობელი ჰყავს — წილების 71% ეკუთვნის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულზე დარეგისტრირებულ Watertrail Industries-ს, ხოლო წილების 29%- იქვე რეგისტრირებულ Investico Alliance-ს.

ზემოაღნიშნული ორ კომპანიას ფლობდა „ვიონ ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“-ში, რომელიც იყო კორპორაცია Veon-ის ნაწილი. Veon პოზიციონირებს, როგორც ნიდერლანდებში დაფუძნებული კორპორაცია.

ამავე დროს, „ვიონი ჯგუფის“ აქციათა 47.9%-ის მფლობელია კომპანია LetterOne, რომელიც ეკუთვნის რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს და დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებშია მოყოლილი (აქციების 43.8% საფონდო ბირჟაზე თავისუფალ ვაჭრობაშია).

გასულ წელს კი „ბილაინის“ ბრენდის სახელით ცნობილი მობილური კავშირის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სრულად გახდა ქართული ბიზნესჯგუფი. კერძოდ, საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ბიზნესჰოლდინგის – „სიბიეს ჯგუფის“ დამფუძნებელ ხვიჩა მაქაცარიასა და „ვიონი ჯეორჯია ჰოლდინგს B.V-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ვოთერთრაილ ინდასტრისსა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100%-იანი წილები ქართველი ბიზნესმენის მფლობელობაში გადავიდა.

„სიბიეს ჯგუფმა“ ჯერ კიდევ გასულ წელს დაანონსა მომავალში ბრენდის ცვლილება, რაც გულისხმობდა ახალი სახელით ოპერირებას და ბრენდის იდენტობის განახლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი