მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი თქმით, „უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა“, ხოლო პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს, 2 მილიარდ დოლარს მიაღწია.
მთავრობის თავმჯდომარის თქმითვე, მთავრობა „მსხვილი პროექტების დაწყებას გეგმავს“. მათ შორის, ანაკლიის პორტის – „გვინდა წელსვე დავიწყოთ, შემოდგომაზე“.
ღარიბაშვილმა აგრეთვე განაცხადა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის „ისტორიულ მინიმუმსა“ და ეკონომიკისა და მშპ-ის „ისტორიულ მაქსიმუმზე“ – „ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8 000 დოლარამდე იქნება წელს უკვე“.
ღარიბაშვილის მტკიცებითვე, საქართველოში „გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე და საწვავზე“.
ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ინფლაციაზე – მისი თქმით, მსოფლიოსთან შედარებით საქართველომ მოახერხა ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნება – „შარშან იყო პიკზე, 13%. წლის ბოლოს შევამცირეთ 9%-მდე. ახლა, მარტში, 5,3% არის ინფლაცია, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პროგრესი“.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ წლის ბოლომდე მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა დაიწყოს. მან აგრეთვე ისაუბრა ბათუმის აეროპორტის მიმართულებით „სერიოზულ გეგმებზე“.