ახალი ამბები

იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო — TI

30 მარტი, 2023 • 1667
იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო — TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იმერეთის თორმეტი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა, საიდანაც 46-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოაჩინა.

მათ შორის, ორგანიზაციის განცხადებით, დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. TI აცხადებს, რომ კვლევაში მოცემული ინფორმაცია დაფუძნებულია საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებზე.

მაგალითისთვის, კვლევის ავტორების თქმით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იოსებ რობაქიძემ 2023 წლის 27 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი შპს “სზ ჯგუფის” 50% წილის მფლობელია, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, საკუთარი წილის მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

თერჯოლის მერის პირველ მოადგილეს, მანუჩარ რობაქიძეს კი, TI-ს განცხადებით, 2022 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში მდებარე სახლისა და მიწის ოთხი ნაკვეთის თანამესაკუთრე, რომელთა ჯამური ფართობიც 8,101 კვადრატული მეტრია.

ანგარიშში ასევე მოხვდა თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი, რომელმაც 2023 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში, ორგანიზაციის განცხადებით, არ აღნიშნა, რომ იგი არის შპს “აგროჯორჯიიას” 25% წილის, შპს “ზედაზენი იმერეთის” 95% წილის და შპს “ბერტა იმერეთის” 100% წილის მფლობელი და ამ უკანასკნელის დირექტორი, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, საკუთარი წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია და არც დირექტორის პოზიცია დაუტოვებია.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გიორგი ბარათაშვილი არის შპს “ზედაზენი იმერეთში” ზაზა კედელაშვილის საკუთრებაში არსებული 5% წილის
მმართველი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გიორგი ბარათაშვილს ამ კომპანიების შესახებ ეწერა 2022 წლის დეკლარაციაში. TI-ს თქმით, გიორგი ბარათავშვილს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ ამავე დროს შპს “კრისტალი 2010”-ის 25% წილის მფლობელიცაა.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ წყალტუბოს მერმა გენადი ბალანჩივაძემ 2023 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ არის შპს “იმედი 2020”- ის დირექტორი და 30% წილის მფლობელი, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მერად არჩევნის შემდეგ კომპანიის დირექტორის პოზიცია არ დაუტოვებია და არც წილი გადაუცია სხვა პირისთვის მართვის უფლებით.

სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ კი, ანგარიშის ავტორების თქმით, 2022 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის სამტრედიაში 98 კვ.მ ბინის და 2 მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, თუმცა ეს ეწერა წინა წლის დეკლარაციაში.

დოკუმენტს სრულად გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი