ახალი ამბები

თბილისში, ნორვეგიის საელჩოსთან სააკაშვილის დაჯილდოება გააპროტესტეს

28 მარტი, 2023 • 1066
თბილისში, ნორვეგიის საელჩოსთან სააკაშვილის დაჯილდოება გააპროტესტეს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოებასთან დაკავშირებით საქართველოში, ნორვეგიის საელჩოსთან საპროტესტო აქცია იმართება.

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, აქციის ორგანიზატორები არიან სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი და სხვა დაზარალებულების ოჯახები. თუმცა ერთ-ერთმა მონაწილემ სოხუმის უნივერსიტეტიდან „ტვ პირველს“ უთხრა, რომ აქციის შესახებ სტუდენტური თვითმმართველობიდან გაიგო, მაგრამ დასწრება სავალდებულო არ ყოფილა.

„იმიტომ მოვედით აქ, რომ ნორვეგიის ელჩს ვთხოვოთ, გამოვიდეს და დააფიქსიროს, რომ ეს არ არის ნორვეგიის მთავრობის პოზიცია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რომ მკვლელის იარლიყი ამაკრესო, დარწმუნებული შეიძლება იყოს ხალხი იმაში, რომ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა არ გამოკრა სასხლეტს ხელი , მაგრამ მისმა რეჟიმმა და მისმა ბრძანებებმა, ნულოვანი ტოლერანტობიდან გამომდინარე იყო, ეს ხალხი რომ შეიწირა მიხეილ სააკაშვილმა“, — განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს გადაეცა ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილისთვის ნორვეგიული პრიზის გადაცემა ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და დაცინვაა. რადგან სააკაშვილს ჯილდო ნორვეგიელებმა გადასცეს, ღარიბაშვილმა პარალელი გაავლო ნორვეგიელ ტერორისტ ანდრეს ბრეივიკთან და სააკაშვილი მას შეადარა.

საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩმა ჰელენე სანდ ანდრესენმა თქვა, რომ ასეთი შედარება უადგილოდ მიაჩნია.

„მე გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია“, – თქვა ელჩმა.

აგრეთვე დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ პრიზი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო, ნორვეგიის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გაიცემა და არ გამოხატავს ნორვეგიის მთავრობის პოზიციებს.

შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზს ნორვეგიის კონსერვატიული პარტია, რომელიც ამჟამად ოპოზიციაშია, 2007 წლიდან გასცემს ინდივიდუალურ პირებზე ან ორგანიზაციებზე. ლინდერბრექე იყო ნორვეგიელი პოლიტიკოსი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ასევე ნობელი პრემიის კომიტეტის წევრი მრავალი წლის განმავლობაში.

დაახლოებით იგივეა, ბრეივიკს მისცენ – ღარიბაშვილი სააკაშვილისთვის ნორვეგიული პრიზის გადაცემაზე

„გაოგნებული ვარ ტერორისტ ბრეივიკთან შედარებით“ – ნორვეგიის ელჩი ღარიბაშვილის განცხადებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი