ახალი ამბები

ზურაბიშვილის თქმით, ნორმალური კომუნიკაცია აქვს ყველა მინისტრთან, ღარიბაშვილის გარდა

24 მარტი, 2023 • 2662
ზურაბიშვილის თქმით, ნორმალური კომუნიკაცია აქვს ყველა მინისტრთან, ღარიბაშვილის გარდა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, “ძალიან ნორმალური კომუნიკაცია” აქვს ყველა მინისტრთან, გარდა ირაკლი ღარიბაშვილისა. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში, დიანა ტრაპაიძესთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, რა ხარისხის კომუნიკაცია აქვს მთავრობასთან, რაზეც მან უპასუხა:

“ძალიან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მთავრობის ყველა მინისტრთან, გარდა ერთისა”.

დამაზუსტებელი კითხვების საპასუხოდ მან თქვა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გულისხმობს.

“დემოკრატია არის, ერთი მხრივ, ხალხის, ამომრჩეველის ნება და მეორე მხრივ, ინსტიტუტების პატივისცემა და ინსტიტუტებს შორის რაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობები, რომ ეს ყველაფერი მუშაობდეს ქვეყნის სასარგებლოდ. მე ყოველთვის მზად ვარ”, — დასძინა მან.

“საჭიროა სხვა ტიპის ურთიერთობა. საჭიროა, საკითხები იყოს განხილული, პასუხი [გაეცეს] ზოგიერთ კითხვას, შესაძლებლობა იყოს, რომ არგუმენტების გაცვლა მოხდეს, რატომაა მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება და რა არის პრეზიდენტის არგუმეტები, რომელმაც სხვანაირად იცის, თუ რას და როგორ ფიქრობს საერთაშორისო თანამეგობრობა.

პრეზიდენტს რომც არ ჰქონდეს უშუალო ბერკეტები, შეიძლება საჭირო იყოს, რომ მოსმენილი იყოს მისი არგუმენტები”, — დაამატა პრეზიდენტმა.

“და მას არ აქვს სურვილი, თქვენთან ჰქონდეს კომუნიკაცია კონსულტაციების და საუბრის რეჟიმში?” — დააზუსტა ჟურნალისტმა, რაზეც ზურაბიშვილმა მიუგო:

“სურვილი აქვს თუ არ აქვს, არ ვიცი. არ ხდება”.

გარეკანის ფოტოზე: კადრი ირაკლი ღარიბაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი შეხვედრიდან, რომელიც 2014 წელს შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი