ახალი ამბები

ბერბოკი ღარიბაშვილს შეხვდა

24 მარტი, 2023 • 995
ბერბოკი ღარიბაშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე “საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი” და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ მოცემული რეკომენდაციების შესრულების დინამიკა.

“ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის ანალენა ბერბოკს მადლობა გადაუხადა და ევროინტეგრაციის პროცესში დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა”, — აღნიშნულია მთავრობის პრესრელიზში.

პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილმა ბერბოკს უთხრა, რომ საქართველო ევროკავშირის “საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა” რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ.

“ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს”, — ნათქვამია პრესრელიზში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში 24 მარტს ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტისას, რომელიც უკვე დასრულდა, ანალენა ბერბოკი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სტუდენტებს.

მან თქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი და პირიქით. ბერბოკის სიტყვებით, თუ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მხარი უნდა დაუჭიროს ბლოკის უსაფრთხოების პოლიტიკას.

მასალების გადაბეჭდვის წესი