ახალი ამბები

თუ წევრობა სურს, საქართველო EU-ის უსაფრთხოების პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს — ბერბოკი

24 მარტი, 2023 • 1527
თუ წევრობა სურს, საქართველო EU-ის უსაფრთხოების პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს — ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის თქმით, თუ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მხარი უნდა დაუჭიროს ბლოკის უსაფრთხოების პოლიტიკას.

ამის შესახებ ბერბოკმა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შეეხებოდა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების და კომუნიკაციის აღდგენას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს ჰქონდა მკაფიო პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც რუსეთს — აგრესორად, უკრაინას კი მსხვერპლად მოიხსენიებს და კონფლიქტის მოგვარების გზად რუსული ძალების გაყვანას მიიჩნევს.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი მეზობლებისთვის უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე გეოგრაფიულად სხვა ტერიტორიაზე მდებარე ქვეყნებისთვის და ამიტომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ღონისძიებების მხარდაჭერა.

„სანქციების მხრივ, ფრენების შეწყვეტა დღეს არის ასევე გამოხატულება. ევროკავშირის მხრიდან ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა ამ თვალსაზრისით და ალბათ, საქართველოს მხრიდანაც. თუ გინდა გახდე ევროკავშირის წევრი, საქართველოს ეხება ეს, უსაფრთხოების პოლიტიკაში უნდა ჩაერთო, დაუჭირო მხარი და 12 რეკომენდაცია შეასრულო“, — თქვა ანალენა ბერბოკმა.

ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) შესაბამისობა ყოველთვის მოეთხოვებოდა გაწევრიანების გზაზე მდგარ ქვეყნებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსურ სისტემაზე დაფუძნებულ კავშირში ამის საჭიროება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ომმა ევროპაში და კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების აუცილებლობამ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა კითხვაზე — უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ კანდიდატის სტატუსი? — ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის მნიშვნელობას.

„ლიეტუვის პოზიციაა, რომ ჩვენ ძალიან მოწადინებული ვართ, დავინახოთ, რამდენად თანხვედრაშია ქვეყანა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ზოგ შემთხვევაში კი, როგორც ვიცით, საქართველოს ყველაფერი არ გაუკეთებია. ვისურვებდი, რომ ეს მოგვარდეს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, — თქვა მან.

ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ გარდა ევროკომისიის 12 კრიტერიუმისა, საქართველოს შეაფასებენ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება მისი პოზიციები ევროკავშირის საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკას.

ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ევროკომისიის ბოლო ანგარიში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილში ამბობს, რომ 2021 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის დეკლარაციებსა და საბჭოს გადაწყვეტილებებთან მიერთების მაჩვენებელი იყო 53%, რაც 2020 წლის 62%-თან შედარებით შემცირებულია. 2022 წლის პირველ ნახევარში ამ მაჩვენებელმა კიდევ 42%-მდე დაიწია.

რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტას, ის მოსკოვის მიერ არის შეწყვეტილი და უკავშირდება საქართველოში 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტით გამოწვეულ პროტესტს.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს რუსეთი დროდადრო ააქტიურებს. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიესალმება.

EU-ის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა, როგორც დამატებითი კრიტერიუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი