ახალი ამბები

კალაძის თქმით, მეტროში ახალ ტურნიკეტებზე პოლონური კომპანია მუშაობს

23 მარტი, 2023 • 695
კალაძის თქმით, მეტროში ახალ ტურნიკეტებზე პოლონური კომპანია მუშაობს

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურებზე ახალი ტურნიკეტების მოწყობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პროექტი ამჟამად დადასტურების ეტაპზეა, რის შემდეგაც სამ თვეში დასრულდება:

„დაწყებული გვაქვს ამასთან დაკავშირებით მუშაობა, გამოვლენილი და შერჩეულია პოლონური კომპანია, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ველოდებით დადასტურებას. ჩვენ წარვუდგინეთ ახმეტელის თეატრის აღნიშნული სივრცე, წარვუდგინეთ პროექტი, რისი გაკეთება გვინდა, დადასტურების შემდეგ სამ თვეში უკვე შესაძლებელი იქნება, პროექტი იყოს დასრულებული“, — ამბობს კახა კალაძე.

ამასთან, როგორც მან თქვა, მეტროსადგურების სრული რეაბილიტაციისთვის მერია აზიისა და ევროპის განვითარების ბანკებთან მუშაობს:

„ასევე გვაქვს მეორე, ცოტა გრძელვადიანი გეგმა. ეს არის ახმეტელის მეტროს ახალი ამოსასვლელის მოწყობა, იგივეა სამგორის მეტროსთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან, რომ მოხდეს 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია/განახლება და 10 მეტროსადგურზე პროექტის განხორციელება.“

თბილისის მერმა მეტროს ჩასასვლელებში ახალი ტურნიკეტების მოწყობის საჭიროებაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც მგზავრების გაზრდილი ნაკადის გამო პიკის საათებში საცობია და მეტროში შესასვლელად 10-15 წუთია საჭირო.

ფოტოზე: მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი