ახალი ამბები

რუსეთის ეკლესიაც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე — მსოფლიო პატრიარქი

23 მარტი, 2023 •
რუსეთის ეკლესიაც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე — მსოფლიო პატრიარქი

ბართლომე I, კონსტანტინოპოლის (მსოფლიო) მართლმადიდებელი პატრიარქი აცხადებს, რომ რუსეთის ეკლესიაც პასუხისმგებელია უკრაინაში ომის დანაშაულებზე.

როგორც „ამერიკის ხმის“ რუსული ბიურო წერს, ბართლომე I-მა აღნიშნული განაცხადა ლიეტუვის პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას.

„რუსეთის საეკლესიო და საერო ხელმძღვანელობა თანამშრომლობდნენ დანაშაულებრივ აგრესიაში და ინაწილებენ პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულისთვის, კერძოდ, უკრაინელი ბავშვების გატაცების გამაოგნებელ ფაქტებზე“, — თქვა მან.

გამოსვლისას მან ასევე დასძინა, რომ საერთო დიალოგი უნდა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ რუსეთის საპატრიარქოს აღარ შეეძლოს ერთიანობის დარღვევისა და „ღვთის სახელით დანაშაულებრივი ქმედების დაკანონება“.

მისივე თქმით, საერთო ქრისტიანული ვალია, „რუსი ძმები და დები საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამეგობრობაში დავაბრუნოთ“.


17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა.

პუტინთან ერთად ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისრის თანამდებობა უკავია.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში, რაც ომის დანაშაულად მიიჩნევა.

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი