ახალი ამბები

გთხოვთ, ევროკომისიის შუალედური შეფასება იყოს საჯარო – NGO-ები ვარჰეის მიმართავენ

23 მარტი, 2023 • 835
გთხოვთ, ევროკომისიის შუალედური შეფასება იყოს საჯარო – NGO-ები ვარჰეის მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომ საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შუალედური შეფასება საჯარო და ხელმისაწვდომი იყოს დაინტერესებული მხარეებისთვის, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

ორგანიზაციების განცხადებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი გულისმობს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე სამოქალაქო საზოგადოება ჩართული იყოს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას და, შესაბამისად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. სამოქალაქო საზოგადოება აქტიურ ზედამხედველობას უწევს ხელისუფლების მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას. ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, 2023 წლის გაზაფხულზე რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შუალედური შეფასება მოამზადოს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ძალიან დაეხმარება საქართველოსა და მის პარტნიორებს დაინახონ, თუ რა ეტაპზეა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ჩართულია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში, მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ევროკომისიის შუალედური შეფასების საჯაროობა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, შესაძლებელს გახდის მასში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პრიორიტეტების შესრულებაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ღია საზოგადოების ფონდი
  • კავშირი საფარი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • თბილისი პრაიდი
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • მწვანე ალტერნატივა
  • აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

მასალების გადაბეჭდვის წესი