ახალი ამბები

საქართველოს ბანკმა ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორია იყიდა

22 მარტი, 2023 • 1596
საქართველოს ბანკმა ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორია იყიდა

„საქართველოს ბანკმა“ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ელმავალმშენებლის ქარხნის ტერიტორია 19.5 მილიონ ლარად აუქციონის წესით შეიძინა. უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჰქონდა გამოტანილი.

ტერიტორია 21 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს და მასზე 50 შენობა-ნაგებობაა განთავსებული. აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასებით, ქონება, რომელიც გურამიშვილის გამზირის N84-ში მდებარეობს, 97 622 050 ლარადაა შეფასებული. აუქციონი 16 მარტს „საქართველოს ბანკის“ გამარჯვებით დასრულდა.

„ნეტგაზეთი“ შესყიდვასთან დაკავშირებით „საქართველოს ბანკსაც“ დაუკავშირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ უძრავი ქონება კრედიტორული ინტერესების დაცვის მიზნით შეისყიდეს:

„აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწყობილ საჯარო აუქციონზე სს „ელმავალმშენებლის“ ქონების რეალიზაცია და მის საფუძველზე გამოცემული განკარგულება სრულ შესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობის ნორმებთან.

იმის გათვალისწინებით, რომ მეორე განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, კრედიტორი – სს „საქართველოს ბანკი“ დაკარგავდა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, აუქციონზე მოვალის ქონება, კრედიტორული ინტერესების დაცვის მიზნით და კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შეიძინა სს საქართველოს ბანკმა“, — მოგვწერეს „საქართველოს ბანკიდან“.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი