თურქეთში ქურთების საკითხზე ფოკუსირებული “ხალხთა დემოკრატიული პარტია”(HDP), ისევე როგორც მისი მოკავშირე პარტიები, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატს არ დაასახელებენ. ეს ნაბიჯი ოპოზიციის გაერთიანების შანსებს ზრდის მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის დასამარცხებლად.
HDP-ის მნიშვნელოვანი როლი არჩევნებში
“ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ისტორიულ პასუხისმგებლობას ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგ.
მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, პასუხისმგებლობა დავაკისროთ მთავრობას, რომელიც განაგრძობს სიღარიბესა და კორუფციაზე დაფუძნებულ მმართველობას”, — დასძინა HDP-ის ვიცე-თავმჯდომარემ, ფერვინ ბულდანმა, ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე სიტყვებით, ერდოღანის ხელისუფლებამ, თავისი რეპრესიული პოლიტიკით, “ჰაერის გარეშე დატოვა” თურქეთის მოსახლეობა.
სააგენტო Bianet-ის თანახმად, ბულდანს ცალსახად არ განუცხადებია, დაუჭერენ თუ არა მხარს HDP და მისი მოკავშირეები ერდოღანის მთავარ კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომელიც წინასაარჩევნოდ შექმნილმა უმსხვილესმა ოპოზიციურმა ალიანსმა დაასახელა კანდიდატად.
თუმცა აშკარაა, რომ ერდოღანის ხელისუფლების მწვავე კრიტიკითა და საკუთარი კანდიდატის დაყენებაზე უარის თქმით, პრო-ქურთულმა პარტიამ ტაქტიკურად მიანიშნა თავის ამომრჩეველს, როგორ უნდა მოიქცეს.
მანამდე, HDP-ის ყოფილმა ლიდერმა, სელაჰათინ დემირთაშმა, რომელიც 2016 წლიდან პატიმრობაშია, სააგენტო AFP-სთან წერილობით ინტერვიუში თქვა, რომ ურჩევნია, HDP-მ ოპოზიციის საერთო კანდიდატს დაუჭიროს მხარი, საკუთარი კანდიდატის დაყენების ნაცვლად.
“ხალხთა დემოკრატიული პარტია”(HDP) სიდიდით მესამე პარტიაა თურქეთის პარლამენტში, ქვეყნის მასშტაბით 10%-ზე მეტი მხარდაჭერით. აქედან გამომდინარე, პარტიის როლი მეტად მნიშვნელოვანია 14 მაისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის წარმატებისათვის.
ამჟამად HDP შედარებით პატარა, მემარცხენე პარტიებთანაა გაერთიანებული წინასაარჩევნოდ შექმნილ “შრომისა და თავისუფლების ალიანსში”. ფერვინ ბულდანის სიტყვებით, მათი მიზანია სასამართლოს დამოუკიდებლობის, გენდერული თანასწორობის, ხალხისთვის უკეთესი ცხოვრებისა და სამუშაო პირობების შექმნის უზრუნველყოფა.
14 მაისს თურქეთში, საპრეზიდენტოს გარდა, საპარლამენტო არჩევნებიც იმართება. შესაბამისად, HDP-ის ხმები თურქეთის ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შეკვრა რეჯეფ თაიფ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიისა”(AKP) და მასთან ალიანსში მყოფი “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის”(MHP) დამარცხების გზით.
გამოწვევა ერდოღანისთვის
წლევანდელი კენჭისყრა არაერთგზის ფასდება როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი თუ არა, ყველაზე დიდი საარჩევნო გამოწვევა ერდოღანისა და მისი პარტიის 20-წლიანი მმართველობის ისტორიაში.
ქვეყნის მზარდი ეკონომიკური პრობლემების, ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე, ამჟამინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ იდეოლოგიურად განსხვავებულმა ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ შეკრა ალიანსი.
მათ მიერ დასახელებული საერთო კანდიდატი, 78 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ, თურქეთის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, მემარცხენე-ცენტრისტულ “რესპუბლიკურ სახალხო პარტიას”(CHP) თავმჯდომარეობს. არაერთი წინასაარჩევნო გამოკითხვა მისთვის დამაიმედებელ შედეგებს იძლევა.
საერთო კანდიდატად არჩევის შემდეგ, ქილიჩდაროღლუ ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ ოპოზიციური ალიანსი თურქეთს კონსენსუსისა და კონსულტაციების გზით მართავს. მან ასევე გასცა დაპირება თურქეთის საპარლამენტო სისტემაზე დაბრუნების შესახებ, რომელიც ერდოღანმა საპრეზიდენტო სისტემით შეცვალა და მეტად გაიფართოვა ძალაუფლება.
ქილიჩდაროღლუსა და მისი ალიანსის ურთიერთობა HDP-სთან
მთავარ ოპოზიციურ ალიანსსა და ქურთების საკითხზე ორიენტირებულ HDP-ს შორის პირდაპირ თანამშრომლობას ართულებს ხსენებული ალიანსის სიჭრელე: მასში ნაციონალისტი პოლიტიკოსებიც შედიან, რომლებიც უარს ამბობენ HDP-სთან ერთად მუშაობაზე. უმთავრესად ეს არის მემარჯვენე “კარგი პარტია”(IYI), რომელიც სიდიდით მეორე ძალაა ალიანსში CHP-ს შემდეგ.
თუმცა ორშაბათს ქემალ ქილიჩდაროღლუ HDP-ის ვიცე-თავმჯდომარეს შეხვდა, რის შემდეგაც პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის მოხსნის ქურთულ ენასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს და ქურთებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც იმუშავებს.
HDP-ს თურქეთის ხელისუფლება ედავება “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან”(PKK) კავშირს, რომელიც ანკარასა და მის დასავლელ მოკავშირეებს ტერორისტულ ორგანიზაციად აქვთ გამოცხადებული.
უკანასკნელ წლებში HDP-ის ათასობით წევრი, დეპუტატი თუ პარტიის სახელით არჩეული მერი ან დააპატიმრეს, ან თანამდებობიდან გადააყენეს ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით, რასაც პარტიაში უარყოფენ. ის აცხადებს, რომ ერდოღანის ხელისუფლების პოლიტიკის მწვავე კრიტიკის გამო იდევნება.
PKK-სთან კავშირების ბრალდებით თურქეთის პროკურატურას სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი HDP-ის დახურვის მოთხოვნით.