ახალი ამბები

თურქეთის ოპოზიციურმა კოალიციამ საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელა

7 მარტი, 2023 •
თურქეთის ოპოზიციურმა კოალიციამ საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელა

თურქეთის ოპოზიციურმა კოალიციამ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ დაასახელა. 74 წლის პოლიტიკოსი მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუპირისპირდება არჩევნებში, რომელიც მიმდინარე წლის მაისშია დაგეგმილი.

წლევანდელი კენჭისყრა არაერთგზის ფასდება როგორც ერთ-ერთი ყველაზე, თუ არა ყველაზე მწვავე არჩევნები ერდოღანის 20-წლიანი მმართველობის ისტორიაში:

ქვეყნის მზარდ ეკონომიკურ პრობლემებს დაემატა თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრაც, რომლის შემდეგაც ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკა გაისმა ბუნებრივი კატასტროფისთვის ქვეყნის მოუმზადებლობის, კოორდინაციის ნაკლებობისა თუ კორუფციის კონტექსტში.

ქემალ ქილიჩდაროღლუ 10 წელზე მეტია, მემარცხენე-ცენტრისტულ “რესპუბლიკურ სახალხო პარტიას”(CHP) თავმჯდომარეობს. ის არის ყოფილი სახელმწიფო ბიუროკრატი, რომელიც თურქეთის ფინანსთა სამინისტროსა და სოციალური დაცვის ორგანოში საქმიანობდა.

საუბრის მშვიდი ტონითა და ასეთივე საჯარო გამოსვლებით ცნობილი ქილიჩდაროღლუ, თავისი სტილითა და გზავნილებით, მკვეთრად განსხვავდება ქარიზმატული ერდოღანისგან.

ზოგიერთი მას ყველაზე ოპტიმალურ კანდიდატად განიხილავს მოქმედი პრეზიდენტის დასამარცხებლად, თუმცა სხვები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქილიჩდაროღლუს მზაობას ფართო ძალაუფლების მქონე ერდოღანის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად.

საერთო კანდიდატის არჩევას წინ უძღოდა 6 პარტიისგან შემდგარ ოპოზიციურ ალიანსში უთანხმოება. სიდიდით მეორე პარტიის, მემარჯვენე “კარგი პარტიის”(İYİ) ლიდერი მერალ აქშენერი არ ეთანხმებოდა ქილიჩდაროღლუს კანდიდატურას. ის ამ პოზიციაზე ამჯობინებდა ანკარის მერს, მანსურ იავაშს, ან სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს. ორივე მათგანმა ერდოღანის პარტიის კანდიდატი დაამარცხა 2019 წლის ადგილობრივ არჩევნებში.

უთანხმოების გამო გასულ კვირას აქშენერმა მცირე ხნით დატოვა კიდევ ალიანსი, თუმცა დაბრუნდა მას შემდეგ, რაც მიიღო წინადადება, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ორივე მერი, შეიძლება, ვიცე-პრეზიდენტებად დაინიშნოს.

საერთო კანდიდატად არჩევის შემდეგ, ქილიჩდაროღლუ ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ ოპოზიციური ალიანსი თურქეთს კონსენსუსისა და კონსულტაციების გზით მართავს. მან ასევე გასცა დაპირება თურქეთის საპარლამენტო სისტემაზე დაბრუნების შესახებ, რომელიც ერდოღანმა საპრეზიდენტო სისტემით შეცვალა და მეტად გაიფართოვა ძალაუფლება.

ოპოზიციურ ალიანსში იდეოლოგიურად განსხვავებული პარტიები ერთიანდებიან. ოთხ პარტიას, CHP-სა და İYİ-ს გარდა, სხვადასხვა გამოკითხვით 3%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს. თუმცა, როგორც თურქული Bianet წერს, შესაძლოა, ალიანსში მათი ყოფნა ოპოზიციისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს წლევანდელი არჩევნების სიმწვავიდან გამომდინარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი