ახალი ამბები

შსს ბაგების სტუდქალაქში შესვლაზე განმარტებას ავრცელებს

22 მარტი, 2023 • 1169
შსს ბაგების სტუდქალაქში შესვლაზე განმარტებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში უწყების თანამშრომლების ვიზიტის მიზეზებს განმარტავს.

შსს-ს განცხადებით, ბაგების სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში მართლწესრიგის ოფიცრები 14, 16 და 16 მარტს იმყოფებოდნენ და გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ:

მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში მუდმივ კომუნიკაციაში არიან თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან და ახორციელებენ ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას და პირველად დამუშავებას.

„სწორედ აღნიშნული უფლება-მოვალეობების განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის 14, 15, 16 მარტს მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმყოფებოდნენ და გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ. სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და რეგიონის წარმომადგენლები ცხოვრობენ. საერთო ჯამში, ტერიტორიაზე დაახლოებით 1 500 ადამიანია დასახლებული, რომელთა შორის მხოლოდ 20% -ია სტუდენტი“, — აცხადებენ უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიზიტის განხორციელებისას, მართლწესრიგის ოფიცრებთან კომუნიკაციის დროს, ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე სახის პროტესტი არ გამოუხატავს.

ბაგების სტუდქალაქში შსს-ს თანამშრომლების შესვლის შესახებ განცხადება თავდაპირველად მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ 18 მარტს გაავრცელა. სტუდენტები აღნიშნავდნენ, რომ ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შესულმა შსს-ს თანამშრომლებმა სტუდენტებს თავი ვაკის პოლიციის თანამშრომლებად გააცნეს და პირადი მონაცემები გამოართვეს. „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ აღნიშნულს აფასებდა საპროტესტო აქციების შემდეგ სტუდენტების დაშინების მცდელობად.

მასალების გადაბეჭდვის წესი