ახალი ამბები

ზეწოლის ინსტრუმენტების გამოყენებით ხელისუფლება ხელს ვერ აგვაღებინებს საკუთარ მისიაზე – ფორმულა

22 მარტი, 2023 • 982
ზეწოლის ინსტრუმენტების გამოყენებით ხელისუფლება ხელს ვერ აგვაღებინებს საკუთარ მისიაზე – ფორმულა

ტელეკომპანია „ფორმულა“ შეშფოთებას გამოთქვამს მისი დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ფორმულას“ მენეჯმენტის და თანამშრომლების განცხადებაშია ნათქვამი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

მათი თქმით, ზეწოლის მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით ხელისუფლება ხელს ვერ ააღებინებთ იმაზე, რაც საკუთარ მისიად მიაჩნიათ.

„დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დავით კეზერაშვილს დაუსაბუთებლად დაეკისრა თავდაცვის სამინისტროსთვის 5 060 000 ევროს გადახდა. გვაქვს ყველა არგუმენტი იმისთვის, რომ მტკიცედ გვჯეროდეს – ამ თავდასხმის სამიზნე დავით კეზერაშვილი სწორედ ფორმულას 51%-იანი წილის ფლობის გამო გახდა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ერთადერთი ფასეული ქონება, რომელსაც კეზერაშვილი საქართველოში ფლობს, სწორედ ფორმულას 51%-იანი წილია. შესაბამისად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს: საქმის მიმდინარეობისას ადვოკატებმა წარმოადგინეს წერილობითი და ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ბრალდება თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის მიყენების თაობაზე შეთითხნილია და ნათლად მიუთითებს საქმის პოლიტიკურ მდგენელზე.

საზოგადოებას მოკლედ შევახსენებთ, რომ ზიანის ანაზღაურება დავით კეზერაშვილს დაეკისრა საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დაწყებას კი წინ უძღოდა პრემიერ ღარიბაშვილის მუქარა საპარლამენტო ტრიბუნიდან -“მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს”. ხაზგასასმელია ისიც, რომ შალვა თადუმაძე, რომელიც საქმის გასაჩივრებისას გენერალური პროკურორი იყო, უზენაეს სასამართლოში მას მოსამართლის ამპლუაში დახვდა“, – ნათქვამია „ფორმულას“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩამოთვლილი გარემოებების ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და მთავარი საერთაშორისო პარტნიორების აღქმა ერთმნიშვნელოვანია – სასამართლოს კრიტიკული მედიის შესავიწროებლად იყენებენ.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ გუშინ, 20 მარტს გავრცელებულ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებისა და მისი თავისუფალ მედიაზე გავლენის შესახებ ვკითხულობთ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იურისტები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. სამართლებრივი პროცედურების პარალელურად, ტელეკომპანია ფორმულა და მისი გუნდი განვაგრძობთ მუშაობას საზოგადოების ინფორმირებისთვის – გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ გამორჩეულად რთულ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წინ აღვუდგეთ სახელისუფლებო პროპაგანდას, ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებისა და დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის ტენდენციებს. ზეწოლის მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით ხელისუფლება ხელს ვერ აგვაღებინებს იმაზე, რაც საკუთარ მისიად მიგვაჩნია – ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაცვაში, მოქალაქეების სანდო, გადამოწმებული ინფორმაციით მომარაგების გზით“, – ნათქვამია „ფორმულას“ განცხადებაში.


თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელმა თავდაცვის სამინისტროს 5 060 000 ევრო უნდა გადაუხადოს, სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა. მოსამართლეების: ოთარ სიჭინავას, ლაშა თავართქილაძისა და გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებით, კეზერაშვილმა 5 060 000 ევრო უნდა გადაიხადოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი