ახალი ამბები

„ევროპული საქართველო“ იწყებს კამპანიას „ევროპული არჩევანის მცველი“

21 მარტი, 2023 • 768
„ევროპული საქართველო“ იწყებს კამპანიას „ევროპული არჩევანის მცველი“

„ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ დღის წესრიგში საკუთარი თავი უნდა დაინახოს, აქტიურად ჩაერთოს და შემდეგ არჩევნებში ანტიდასავლური რეჟიმი დემოკრატიულად შეცვალოს“, — ნათქვამია პარტია „ევროპული საქართველოს“ ხედვაში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის შესახებ.

„ევროპულმა საქართველომ“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პრეზენტაცია გამართა პროექტისა „ევროპული არჩევანის მცველი“.

„ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ დირექტორ თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, რომელიც „ევროპული საქართველოს“ კამპანიის მენეჯმენტს ახორციელებს, „ევროპული არჩევანის მცველი“ რეალურად არის პროექტი დეოლიგარქიზაციისკენ.

„ჩვენ გვინდა, ამოვაყირაოთ დინამიკა და თუ დღეს ქართველ ხალხს ზემოდან კარნახობენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ქართველმა ხალხმა თვითონ გვიკარნახოს პოლიტიკური დღის წესრიგი. ეს არის მოკლე გზა პოლიტიკური სისტემის დეოლიგარქიზაციისკენ და დიდი ფულის გავლენისგან გათავისუფლებისკენ. ჩვენ ყველას გვაქვს პოლიტიკური შინაარსი, მაგრამ თუ არ არსებობს პარტია, როგორც ამ შინაარსის განმახორციელებელი ინსტრუმენტი, ჩათვალეთ, რომ შინაარსი ჰაერში რჩება. ამიტომ ამ პროექტით ჩვენ ვგეგმავთ პირველ რიგში პარტიული პოლიტიკის დემონიზაციას და ყოველდღე ისეთი ერთი ადამიანის გაცნობას, რომელიც არ არის ჩერგოლეიშვილი, არის თქვენი მეზობელი, თქვენი მეგობარი, თქვენი ნათესავი, რომელიც „ევროპულ საქართველოში“ ხედავს თავისი შინაარსის განხორციელების გზას“, — განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, კამპანია ძირითადად შემოწირულობებზე იქნება დამოკიდებული.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგა ბოკერიას თქმით, „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე ხელისუფლების უკან დახევამ საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში, რომ ევროინტეგრაციისთვის საჭირო ცვლილებებს გაატარებს.

„პოლიტიკურმა პარტიების გზავნილი უნდა იყოს თანმიმდევრული, არა ურთიერთსაწინააღმდეგო და მკაფიო. იმის თქმა, რომ დღეს ჩვენ ვაიძულებთ ამ რეჟიმს, გახდეს დემოკრატიული, დიდი შეცდომაა. პოლიტიკურ სპექტრს სხვადასხვა დოზით დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა. ეს ნდობა ხელახლა აღსადგენია პირდაპირი კომუნიკაციით ადამიანებთან, იმ მოქალაქეების პოვნით, რომელიც ახლოსაა ჩვენს შეხედულებებთან და მათში რწმენის დაბრუნებით. არჩევნები რომ მოვა, თუ ეს ენერგია, რაც რუსთაველზე ვიხილეთ, არ გადაიზარდა პოლიტიკური ძალების პოლიტიკურ მხარდაჭერაში, ცვლილება ვერ მოხდება. პროექტი „დემოკრატიის მცველი“ არის არა არჩევნების წინ მომზადება, არამედ დღესვე მუშაობის დაწყება, რომ არჩევნებზე გვყავდეს სერიოზული ძალა მოქალაქეების, რომლებიც მოტივირებული არიან და დემოკრატიულ ბრძოლაში ბოლომდე მიჰყვებიან იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ენდობიან“, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ მანიფესტის თანახმად, იმისთვის, რომ კრიზისი გადაიჭრას, არასწორი მოლოდინების შექმნის ნაცვლად, თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომ:

  • “რეჟიმი, რომელიც დასავლეთს მტრად შერაცხავს, ევროპულ მომავალთან შეუთავსებელია;
  • რუსული კანონი ამ დიაგნოზის მძიმე, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი სიმპტომია;
  • პროტესტით შეგვიძლია, შევამციროთ ზიანი, მაგრამ რეჟიმის ბუნებას ვერ შევცვლით — რეჟიმი უნდა შეიცვალოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი