ახალი ამბები

ერლინგ ჰოლანდი ესპანეთსა და საქართველოსთან მატჩებს გამოტოვებს

21 მარტი, 2023 • 1299
ერლინგ ჰოლანდი ესპანეთსა და საქართველოსთან მატჩებს გამოტოვებს

ნორვეგიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰოლნადი ტრავმის გამო სანაკრებო შეკრებიდან უკან, ინგლისში დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაცია ავრცელებს.

ნაკრების ექიმის, ულა სენდის თქმით, ჰოლანდი სანაკრებო შეკრებაზე გუშინ, 20 მარტს ჩავიდა სამშობლოში, თუმცა სამედიცინო შემოწმებისას გამოიკვეთა, რომ იგი ვერ შეძლებს მარტში დაგეგმილ ორ მატჩში მონაწილეობის მიღებას და კლუბის ბაზაზე გააგრძელებს მკურნალობას.

საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების დაპირისპირება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში იმართება. შეხვედრა 28 მარტს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზეა“ დაგეგმილი. საქართველოში ჩამოსვლამდე ნორვეგიის ნაკრები შეხვედრას ესპანეთის ნაკრებთან 25 მარტს გამართავს.

ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს და დაუპირისპირდება ნორვეგიის, კვიპროსის, ესპანეთისა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებს.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი მომავალი წლის 23 მარტს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება.  ევრო 2024-ის საგზურს 20 ნაკრები მოიპოვებს. ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი