ახალი ამბები

ვწყვეტთ UG-თან თანამშრომლობას, რათა ავარიდოთ თავი ყალბ კამპანიას – ფრანკლინის კლუბი

20 მარტი, 2023 • 1117
ვწყვეტთ UG-თან თანამშრომლობას, რათა ავარიდოთ თავი ყალბ კამპანიას – ფრანკლინის კლუბი

„ფრანკლინის კლუბი“ აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ცილისმწამებლური კამპანიის ფონზე წყვეტს „საქართველოს უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობას.

როგორც ორგანიზაცია განცხადებაში დასძენს, კლუბის წინააღმდეგ აგრესია და უსაფუძვლო ბრალდებები გაახმიანეს როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ასევე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და სხვა გავლენიანმა პირებმა – „ამასთან, კლუბის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ხელისუფლება აქტიურად იყენებს საქართველოს უნივერსიტეტზე სრულიად უსამართლო თავდასხმებისთვის“.

„ამის გათვალისწინებით, ფრანკლინის კლუბმა მიიღო რთული, მაგრამ არსებულ მდგომარეობაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, შეწყვიტოს თანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტთან და ამით თავიდან აარიდოს ყალბ ინფორმაციაზე დაფუძნებული ნეგატიური საინფორმაციო კამპანია.

დღეს საქართველოს უნივერსიტეტი არის სახელისუფლებო პროპაგანდის კონტროლის მიღმა დარჩენილი ერთ-ერთი დიდი თავისუფალი სივრცე, რომლის არსებობაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენისთვის.

ხაზს ვუსვამთ, რომ ფრანკლინის კლუბის თანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტთან ატარებდა წმინდად საგანმანათლებლო ხასიათს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა არასოდეს ჩარეულა ფრანკლინის კლუბის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მართვასა თუ საქმიანობის შინაარსში.

დაფუძნების დღიდან, ფრანკლინის კლუბი ემსახურება დემოკრატიული ღირებულებებისა და კლასიკოს ლიბერალ მოაზროვნეთა იდეების გავრცელებას. კლუბი ხელს უწყობს წევრებს შორის თანამშრომლობას, ქმნის თავისუფლების იდეაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო და მედიაპროექტებს, მონაწილეობს სამოქალაქო დისკუსიებსა და აქტივიზმში. ჩვენს მისიად რჩება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

კლუბის უმსხვილესი პროექტი, ფრანკლინის აკადემია, ახალგაზრდებს ეხმარება, მიიღონ თანამედროვე განათლება ეკონომიკის, სამართლის, ბიზნესის, საერთაშორისო ურთიერთობების, დებატების და სხვა მიმართულებით. აკადემია ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და თანამედროვე მოქალაქისთვის აუცილებელი ცოდნის მიღებას.

ჩვენ ვამაყობთ აკადემიის თითოეული კურსდამთავრებულით, რომელთა რაოდენობა უკვე ორ ათასს აღემატება. გვსურს, უდიდესი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს უნივერსიტეტს, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ფრანკლინის აკადემიას ვერ შევქმნიდით.

ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ფრანკლინის კლუბზე იერიში სწორედ იმიტომ მიიტანა, რომ ახალგაზრდებისთვის დამოუკიდებელი განათლება ვეღარ მიგვეცა. სწორედ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობაა მთავარი მამოძრავებელი ძალა ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისა და ევროპული მომავლის გზაზე“, – წერია განცხადებაში.


12 მარტს ტელეკომპანია „იმედთან“ინტერვიუში პრემიერმა „საქართველოს უნივერსიტეტზე“ და „ფრანკლინის კლუბზე“ საუბრისას განაცხადა, რომ:

  • „ფრანკლინის კლუბში წამლავენ ახალგაზრდებს“, რაც არის „პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი, ძირგამომთხრელი საქმიანობა“;
  • „ეს კლუბი არის შექმნილი სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტში“;
  • „ფრანკლინის კლუბის“ ახალგაზრდები […] იქცეოდნენ ყველაზე პროვოკაციულად და გამომწვევად, […] ჰქონდათ დავალება, შესულიყვნენ დაპირისპირებაში [სამართალდამცავებთან]“;
  • „უნივერსიტეტი, როცა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ერთ ლარად გადასცა თავის დედას“.

ღარიბაშვილის ამ განცხადებას მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენელთა მსგავსი შინაარსის სიტყვები მოჰყვა. 14 მარტს კი „საქართველოს უნივერსიტეტმა“ განაცხადა, რომ კობახიძესა და ღარიბაშვილს ცილისწამებისთვის უჩივის.

ვრცლად:

„საქართველოს უნივერსიტეტი“ კობახიძეს და ღარიბაშვილს ცილისწამებისთვის უჩივის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი