ახალი ამბები

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა შეცდომაა, უფრო მეტიც, ხაფანგია – ხაზარაძე

20 მარტი, 2023 • 1118
ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა შეცდომაა, უფრო მეტიც, ხაფანგია – ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა და უფრო მეტიც, ხაფანგია ოპოზიციისთვის.

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები „ქართულ ოცნებას“ აწყობს.

„ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, საზოგადოების დაკვეთა სწორედ ევროპაა.

სცენარი 1. თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს;
სცენარი 2. თუ არ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ 2024-ში „ოცნება“ განწირულია არა მხოლოდ დამარცხებისთვის, არამედ სრული ჩამოშლისთვის, ამ შემთხვევაშიც საქართველო გაიმარჯვებს“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში,

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს, ერთიანი მესიჯით გამოვიდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. მისი თქმით, ასეთი საბჭო ერთიან საარჩევნო სიას არ ნიშნავს.

მარგველაშვილის თქმით, დელეგიტიმირებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და რაც უფრო სწრაფად შეიცვლება, მით უკეთესი. მისი თქმით, იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები გახდეს შესაძლებელი, უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების გადაბარების, შეცვლის ალტერნატივა.

გიორგი მარგველაშვის ინიციატივას იზიარებს მიხეილ სააკაშვილიც. სააკაშვილის განცხადებით, მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ პროგრესის მიღწევა რიგგარეშე არჩევნების გარეშეა შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე გაიმართება, ის ძველი, შერეული წესით უნდა ჩატარდეს, რაც გულისხმობს პროპორციულ და მაჟორიტარული მანდატების 120/30-ზე პროპორციითა და ბუნებრივი ბარიერით.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, 5 -პროცენტიანი ბარიერის პირობებში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი