ახალი ამბები

ვის რას ჰპირდება განათლების ახალი მინისტრი

20 მარტი, 2023 • 2268
ვის რას ჰპირდება განათლების ახალი მინისტრი

განათლების ახლად დანიშნულმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენის შემდეგ, დღეს, 20 მარტს, თავისი გეგმების შესახებ ისაუბრა. ამილახვარი მასწავლებლებს “ღირსეულ პირობებს” დაჰპირდა, პროფესიული განათლება კი პრიორიტეტად გამოაცხადა.

“რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა, ბუნებრივია, კვლავ რჩება რიგი გამოწვევებისა და პრობლემებისა, რომელთაც სჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა”, — თქვა მან.

მისი სიტყვებით, გუნდთან ერთად “დღეიდან” დაიწყებს აქტიურ კომუნიკაციას “განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან: ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან და ჩვენს მეცნიერებთან”.

ამილახვრის სიტყვებით, ეს კომუნიკაცია შეეხება იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებიც “დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ”.

“ჩვენ გვინდა, ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს შვილებს სკოლებში, დაწყებული ინფრასტრუქტურით, გაგრძელებული სასწავლო პროგრამით და საგანმანათლებლო რესურსებით, ამიტომ ამ კუთხით აქტიურად და სწრაფად ვიმუშავებთ.

ჩვენ გვინდა და აუცილებლად შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის.

აუცილებლად დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ მათ ამ პროცესში…”, — დასძინა ახალმა მინისტრმა.

ამილახვრის თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში პროფესიული განათლება “პრიორიტეტულ მიმართულებად” გამოცხადდება:

“უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის”.

ამილახვრის სიტყვებით, მნიშვნელოვანია, “უფრო აქტიურად და ფართოდ გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში”.

“გასული წლების განმავლობაში მიღწეულმა შედეგებმა უკვე მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ აქტიურად ვიმუშაოთ და საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად, მოვიზიდოთ მეტი უცხოელი სტუდენტი და პროფესორი საქართველოში, რაც პირდაპირ უდრის ჩვენი განათლების ხარისხის ზრდას და პირდაპირ ინვესტიციას განათლებაში”.

“აუცილებლად აქტიურად დავუჭერთ მხარს უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებას და დანერგვას ჩვენს ევროპელ და დასავლელ, უცხოელ უნივერსიტეტებთან ერთად…” ,— დასძინა მან.

ამილახვარი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ “უახლოეს მომავალში” სამინისტრო  გააცნობს “იმ კონკრეტულ, დროში გაწერილ გეგმას, რომელიც ამ და სხვა საკითხებს შეეხება”.


გიორგი ამილახვარი, რომელიც ამ დრომდე პარლამენტის წევრი იყო,  ღარიბაშვილმა 20 მარტს მინისტრად წარადგინა. დეპუტატობის პერიოდში პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტს თავმჯდომარეობდა.

ამილახვარი მწვავედ გააკრიტიკეს 2022 წლის ოქტომბერში, ვაკის პარკში, ახლად გახსნისლ შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო. მომხდარს 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

“ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ ჩავიდეს იმ ადგილას, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს”, — განაცხადა ამილახვარმა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ბავშვის გარდაცვალების შესახებ.

მოგვიანებით მან მოუბოდიშა დაღუპული ბავშვის ოჯახის წევრებს. მისი განმარტებით, თავდაპირველი განცხადების დროს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შემთხვევა რეაბილიტაციადასრულებულ შადრევანში მოხდა.

განათლების აწ უკვე ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მთავრობის ინფორმაციით, აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

ღარიბაშვილის თქმით, ჩხენკელმა, რომელმაც “ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა და ძალიან ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი”, საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/470945/

მასალების გადაბეჭდვის წესი