ახალი ამბები

კოალიცია საგამოძიებო სამსახურისგან ნატო გოგელიასა და მისი შვილების დაცვას ითხოვს

20 მარტი, 2023 • 1230
კოალიცია საგამოძიებო სამსახურისგან ნატო გოგელიასა და მისი შვილების დაცვას ითხოვს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიყენოს დაცვის სპეციალური ღონისძიებები ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ.

დღეს, 20 მარტს, მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტს, რათა სახელმწიფომ სათანადო ყურადღება დაუთმოს ჟურნალისტის მიმართ გავრცელებულ მუქარას, დაუყოვნებლივ მიიღოს ქმედითი ზომები მის მიმართ დაფიქსირებული უკანონო ქმედებების აღსაკვეთად.

როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, 2023 წლის 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. იგივე პირი 14 მარტს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციასა და შენობიდან ევროპული დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საფუძველზე დაიწყო და დააკავა ერთი პირი. პარალელურად, დაკავებულის მხარდამჭერთა მხრიდან ჟურნალისტის მიმართ დაფიქსირდა არაერთი მუქარა, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

ნატო გოგელიას ინტერესებს იცავს კოალიციის წევრი ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენი“, რომელმაც ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების დაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე წარუდგინა დამატებითი მტკიცებულებები.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების უფლებების შელახვის ფაქტები, მიანიჭოს მათ სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები“, — აცხადებს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი