ახალი ამბები

ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს

20 მარტი, 2023 • 1601
ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს.

პაპუაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე აზრთა სხვადასხვაობას არ უკავშირდება და კოვზანაძე დიდი ხნის წინ აპირებდა პარლამენტიდან წასვლას.

„ბატონ ირაკლის რაც შეეხება, ის ამაზე თავადაც ისაუბრებს. ეს არ უკავშირდება ამ [კანონპროექტის] საკითხს. მას დიდი ხანი ჰქონდა სურვილი, რომ თავის პროფესიას დაჰბრუნებოდა, რომელშიც საკმაოდ დიდი ხანი წარმატებულად მოღვაწეობდა. ეს გახდა ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი. მე მქონდა მასთან საუბარი გასულ კვირას“, — განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია მანდატების დატოვებას სთხოვს დეპუტატებს, რომლებმაც უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. 7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. ირაკლი კოვზანაძე სხდომას არ ესწრებოდა.

პაპუაშვილი ჯერჯერობით არ პასუხობს კითხვას სხვა დეპუტატების მიერ მანდატების დატოვებისა და სამთავრობო ცვლილებების შესახებ.

„ყველა ამ საკითხთან [ცვლილებებთან] დაკავშირებით მედია შეიტყობთ თავად იმ ადამიანების მხრიდან, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, რომელშიც შეიძლება, ჩვენი გუნდის წევრები გუნდის შიგნით გადანაცვლდნენ“, — დასძინა პაპუაშვილმა.

პროფესიით ფინანსისტი ირაკლი კოვზანაძე სამი მოწვევის პარლამენტის წევრია. VI მოწვევის პარლამენტში ის „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატების“ პარტიული სიით მოხვდა, ხოლო IX-X მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით.

მასალების გადაბეჭდვის წესი