ახალი ამბებიკინო

კინოცენტრის დაფინანსებული ჟურნალი კინ-O 4 თვეა დასაბეჭდი თანხის მოლოდინშია

18 მარტი, 2023 • 1683
კინოცენტრის დაფინანსებული ჟურნალი კინ-O 4 თვეა დასაბეჭდი თანხის მოლოდინშია

ჟურნალ „კინ-O“-ს 2022 წლის მეორე ნომერი კინოცენტრის დაფინანსებით ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა გამოცემულიყო, თუმცა როგორც ჟურნალის მთავარი რედაქტორი თეო ხატიაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, ამ დრომდე ცენტრს არათუ ტენდერი არ გამოუცხადებია, ბეჭდვის მომსახურების შესაძენად, სარედაქციო ჯგუფი კულტურის სამინისტროს ქვეუწყებისგან პასუხსაც ვერ იღებს საერთო იგეგმება თუ არა დასაბეჭდად გამზადებული პუბლიკაციის გამოშვება.

როგორც თეო ხატიაშვილი „ნეტგაზეთს“ უყვება, ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით ჟურნალი „კინ-O“ წელიწადში ორჯერ სამი წლის განმავლობაში გამოიცემოდა. მისი თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ჟურნალი ყოველთვის შეიცავდა მნიშვნელოვან თარგმანებს, რომელთა დეფიციტიც განათლების სისტემაშია, ასევე თავს უყრიდა არაერთ ავტორს, მათ შორის ახალგაზრდებს თავის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევდა.

მიუხედავად ამისა, ხატიაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ კინოცენტრის ხელმძღვანელი მისი მოადგილე, კარლო სიხარულიძე გახდა, უცნობია საერთოდ გაგრძელდება თუ არა ჟურნალის დაფინანსება:

„ჟურნალის 2022 წლის მეორე ნომერი დეკემბრის დასაწყისში უკვე მზად იყო და ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო ბეჭდვაზე, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, კინოცენტრის დირექტორმა, რომელიც ამავე დროს თეა წულუკიანის მოადგილეა, გვითხრა, რომ ბეჭდვა მომდევნო წელში უნდა გადასულიყო. მაშინვე მივხვდი რომ რაღაც მთლად კარგად ვერ იყო იმიტომ, რომ ბიუჯეტით უკვე წლის დასაწყისში იყო გათვლილი, რომ სხვა ყველა პროექტთან ერთად, ამ ჟურნალის ორი ნომერი თავისი ჰონორარით და ბეჭდვის დანახარჯებით გაწერილი იყო.

ეს იყო ჩემთვის სიგნალი და როცა ჩაიარა ახალმა წლებმა, სადღესასწაულო განწყობამ და კვლავ მივაკითხე რა ხდებოდა ბეჭდვასთან დაკავშირებით, გაუთავებლად ერთსა და იმავე პასუხს მაძლევდნენ, რომ ჯერ წლევანდელი ბიუჯეტი არ იყო დამტკიცებული. ნაშრომია, ავტორებიც დაინტერესებული არიან, რეჟისორები, ვისზეც რეცენზია მომზადდა კითხულობდნენ როდის გამოვა ჟურნალიო და მეც ვებმებოდი ამ აბსურდულ თამაშში და ველოდი რომ როდესმე ეს ბიუჯეტი დამტკიცდებოდა და გავიგებდი საბოლოო პასუხს დაიბეჭდებოდა თუ არა. საბოლოოდ, ბიუჯეტი დამტკიცდა თუმცა პასუხი კვლავ გაურკვეველია, მეუბნებიან, რომ არ იციან“ — ამბობს თეო ხატიაშვილი „ნეტგაზეთთან“.

მისი თქმით, კინოცენტრის ხელმძღვანელობას ჟურნალის დასაბეჭდად ალტერნატიული ფინანსების მოძიებაც შესთავაზა, რაზეც ცენტმა ხატიაშვილს უარი უთხრა. როგორც თეო ხატიაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, გამოცემიდან რამდენიმე თვეში ჟურნალის ელექტრონული ვერსია ყოველთვის იტვირთებოდა კინოცენტრის ვებგვერდზეც და ცენტრის ხელმძღვანელობას ასევე მიმართა წინადადებით, რომ თუკი ბეჭდვისთვის განკუთვნილი ფინანსები უწყებას არ ჰქონდა, ჟურნალის ელექტრონული ვერსია საიტზე მაინც აეტვირთათ, რაც დამატებით ფინანსებთან არ იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ ცალსახა პასუხი ვერც ამ შეთავაზებაზე მიიღო.

ყოველივე ზემოაღნიშნული „კინ-O“-ს მთავარ რედაქტორს აფიქრებინებს, რომ პრობლემა შესაძლოა უწყების მხრიდან ჟურნალის შინაარსისა და მისი სარედაქციო ჯგუფის მიუღებლობა შეიძლება იყოს. კინომცოდნე განმარტავს, რომ დეკემბრის ნომერში ორი კრიტიკული წერილი იყო შესული, რომელიც ხელოვნებისა და პოლიტიკის ურთიერთობას მიმოიხილავდა და კულტურის სამინისტროში ბოლო დროს განვითარებულ ცვლილებებს აკრიტიკებდა:

„ერთ-ერთი მიზეზი, ვფიქრობ შეიძლება ის იყოს, რომ ამ ჟურნალში ორი ძალიან მწვავე კრიტიკული წერილია შესული. ორივე თანამედროვე კინოზეა. ზოგადად, ეს ნომერი მთლიანად ეთმობოდა პოლიტიკისა და ხელოვნების ურთიერთობას. მათ შორის არის არაჩვეულებრივი თარგმანები. დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი და მათ შორის ხელოვანებში გავრცელებულია აზრი, ამბობენ რომ მე პოლიტიკას არ ვეხები, აპოლიტიკური ვარ, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ…

ჟურნალში მიმოხილულია თუ რამდენად აბსურდულია ეს პოზიცია მით უმეტეს ჩვენნაირ ქვეყანაში, რომ ასე განზე გადგომა არ ნიშნავს, რომ შენ პასუხისმგებლობა არ დაგეკისრება. როგორც ჩანს, თავისთავად ეს პოლიტიკური თემის წამოწევაც მაინცდამაინც სასურველი არ იყო კულტურის სამინისტროსთვის, რომელსაც ექვემდებარება კინოცენტრი.

ერთ-ერთ წერილში საუბარია კულტურის სამინისტროში განვითარებულ ცვლილებებზე, რომელმაც კინოპროცესებზეც გავლენა მოახდინა და მიმოხილულია, თუ რამდენად არ არსებობს არც კულტურის პოლიტიკა მათ შორის კინოში. როგორც ჩანს, ეს იყო მიუღებელი. ეს არ არის ერთი ჟურნალის და მისი ერთი ნომრის ამბავი. სამწუხაროდ ეს სისტემური, სიმპტომატური ნიშანია კულტურის სამინისტროსი, რომელიც უაღრესად ჩაკეტილია და თუ არ ხარ სასურველი და მიღებული პირი, ვერანაირ პასუხს და მით უმეტეს დაფინანსებას ვერ მიიღებ“ — ამბობს თეო ხატიაშვილი.

ამასთან, თეო ხატიაშვილი ხაზს უსვამს, რომ სახეზეა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაც, რამდენადაც ჟურნალისტ მომზადებისთვის კინოცენტრს თანხები უკვე აქვს დახარჯული და სარედაქციო ჯგუფის თითოეულ წევრს, ისევე როგორც ავტორებს, ჰონორარი უკვე მიღებული აქვთ, საბოლოო პროდუქტი კი არ ჩანს.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით ცდილობს კულტურის სამინისტროსგან საპასუხო კომენტარის მოპოვებას. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი