ავტორი: ქეთი სართანია, მკვლევარი
რეგიონში პოლიტიკური კონტექსტის ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ოფიციალური პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. ასეთი განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა ქართული მხარის მხრიდან. მათ შორის პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ საქართველომ უარი თქვა კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალის გამოყენებაზე, მაგრამ უარი არ უთქვამს დიალოგზე. მიუხედავად ამ განცხადებებისა, საქართველოს მიერ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული სამშვიდობო ვალდებულებებისა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საუბარი არ წყდება, რომ თითქოს თბილისიდან ომის საფრთხე მომდინარეობს.
რუსული პროპაგანდა
ათ მარტს რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიის “რაშა თუდეის” რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის ტელეგრამის არხით გავრცელდა განცხადება, რომ თბილისის საპროტესტო გამოსვლები და რამდენიმეწამიანი შეძახილები რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნას ემსახურება.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 9 მარტს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მიკროფონში გაისმა შეძახილები „სოხუმი! სოხუმი! ცხინვალი! ცხინვალი!“, რასაც ტაში მოჰყვა და რუსთაველის გამზირი რამდენიმე წამით დამაბნეველმა და იმედიანმა განწყობამ მოიცვა. სცენაზე ჩანდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი რამდენიმე ადამიანი, საქართველოსა და უკრაინის დროშები, და ომის ვეტერანები სამხედრო ფრომაში. საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერ მშვიდობიან აქციაზე, ალბათ, ცოტა ადამიანს თუ მოუვიდა აზრად, რომ ეს შეძახილები და მთლიანი სურათი არაერთგვაროვან რეაქციას გამოიწვევდა იმ ქალაქებში, რომელთა სახელებიც რამდენიმე წამით რუსთაველზე ჟღერდა. რუსულმა მხარემ კი, აფხაზეთისა და ცხინვალის რამდენიმეწამიანი შეძახილები, რომელიც თბილისის აქციებზე წლებია ისმის, “მეორე ფრონტის” საკითხის აქტუალიზაციისთვის კიდევ ერთხელ გამოიყენა.
რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მხრიდან “მეორე ფრონტის” გახსნის საკითხი 2022 წლის თებერვლიდან გახდა აქტუალური, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ აფხაზებთან და ოსებთან საქართველო სამხედრო კონფრონტაციით კონფლიქტის მოგვარებას არ აპირებს. ამ განცხადებებს სოხუმშიც ადევნებენ თვალს. 2022 წლის შემოდგომაზე ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ „რეგიონში ვითარების გამწვავების საშიშროება არსებობს, რადგან დასავლეთი უბიძგებს საქართველოს, გახსნას „მეორე ფრონტი“ აფხაზეთში“. თბილისში მიმდინარე მარტის აქციების დროს „უცხოური გავლენის აგენტის” კანონპროექტის შესახებ კი დეფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ საქართველო შეაქო და თქვა, რომ „საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს“, მაგრამ „ოპოზიცია აფხაზეთში ცუდი ღონისძიებების სერიას გეგმავს“.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, განცხადებები გაისმა უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან, რომ საქართველოსთვის ეს არის შანსი, დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები. ამასთან, ყარაბაღში განვითარებულმა სამხედრო მოქმედებებმა აჩვენა, რომ სტატუს კვოს შეცვლა შესაძლებელია, რამაც აქტუალური გახადა ტერიტორიული კონფლიქტების სამხედრო კონფრონტაცით “მოგვარების” საკითხი. უკრაინისა და სომხეთ-აზერბაიჯანის პოლიტკური პოზიცია რადიკალურად განსხვავდება თბილისი-სოხუმი-ცხინვალის მდგომარეობისგან, ყოველ შემთხვევაში, ასეთია საქართველოს ოფიციალური პოზიცია. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სამხედრო-შეიარაღებული კონფრონტაცია, საქართველოს ოფიციალური პოლიტიკისა და ქართული საზოგადოებრივი აზრის თანახმად, მიუღებელია.
ოფიციალური განცხადებების ექო სოციალურ ქსელებში
“ქართული ოცნებისგან” გამოყოფილმა პოლიტიკურმა პარტიამ “ხალხის ძალამ” 2023 წლის თებერვალ-მარტში უცხოური გავლენის შესახებ ორი კანონი დააინიცირა პარლამენტში. კანონის განხილვასა და მის მიღებას პარლამენტის შენობის წინ რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა. განსაკუთრებით მძაფრი იყო 7-8 მარტის აქციები, როდესაც პოლიციისა და სპეცრაზმის მიერ წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წიწაკის სპერის გამოყენებით რამდენჯერმე სცადეს მიტინგის მონაწილეთა დაშლა, თუმცა, წარუმატებლად. აქციის შესახებ რეგიონულ და უცხოურ მედიაში გავრცელებული ვიზიუალური მასალა შთამბეჭდავი იყო: თბილისის მთავარი გამზირი საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით აჭრელებული, სხვადასხვა პოლტიკური გზავნილებით, მოთხოვნებითა და კარიკატურული ლოზუნგებით იყო მოცული. ერთსულოვნება იგრძნობოდა გამზირზე, თუმცა ცხინვალსა და სოხუმში თბილისის აქცია ომის მუქარად იქნა აღქმული.
დაახლოებით ათი მარტიდან სოციალურ მედიაში გამოჩნდა აფხაზური, ოსური და სხვა ჩრდილოეთ კავკასიური საზოგადოებების წარმომადგენელთა გამოხმაურება თბილისის აქციის შესახებ. თავიდან შეფასებებში სჭარბობდა ის მოსაზრება, თითქოს საქართველო აფხაზებთან და ოსებთან ომისთვის იწყებს მზადებას.
მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში საქართველოს მოიხსენიებდნენ, როგორც ისტორიულად აგრესორსა და მტერს. ზოგიერთი ინტერნეტ მომხმარებელი ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს“რუსეთის არმია სამხრეთ ოსეთში მრავალწლიან სადამსჯელო ლაშქრობებს აწარმოებდა ქართველი მთავრების მიერ ოსების დასამონებლად”.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თბილისის საპროტესტო აქციები მათ საზოგადოებაში შფოთვის საგნად იქცა, თუმცა, ამჯერად, რუსული პროპაგანდისტული წყაროების გავლენით, რუსთაველზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქალაქების ხსენებამ კიდევ უფრო გაამძაფრა შიში სოხუმსა და ცხინვალში.
ამის საპასუხად ქართული საზოგადოების ნაწილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველო მრავალი მიზეზის გამო არ იზიარებს კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარების მეთოდს. არგუმენტებს შორის არის საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ. ევროკავშირთან 2014 წელს გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაში არაერთხელ არის ხაზგასმული კონფლიქტის მოგვარებისას სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობა. ამას გარდა, “ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობა და მშვიდობის მშენებლობაში მათი მონაწილეობის” შესახებ 2021 წლის კვლევაში მოცემულია, რომ ქართველი ახალგაზრდების 95% კონფლიქტის გადაჭრის გზად მიიჩნევს მოლაპარაკებებს და არა ძალის გამოყენებას .
სოციალურ ქსელში მიმდინარე დიალოგი აფხაზებს, ოსებს, ქართველებსა და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის, ურთიერთბრალდებებსაც შეიცავდა და სიტუაციის გულწრფელი ახსნის მცდელობასაც. ქართველების პასუხი, რომ აქციაზე სოხუმისა და ცხინვალის შეძახილები ლეგიტიმურია, რადგან იქ მდგომი ადამიანების ნაწილისთვის ეს მშობლიური ქალაქებია, ხშირად უპასუხოდ რჩებოდა აფხაზებისა და ოსების მხრიდან. ამ დიალოგს პოლიტიკური და ისტორიული კონტექსტი აქვს.
არაღიარება და (ალტერნატიული) სამშვიდობო ხელშეკრულება
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების შემდეგ, ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის მოლაპარაკების დამატებით საკითხად იქცა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერა. საქართველო არ თანხმდება ასეთ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, რადგან ის პირდაპირ კავშირშია აფხაზეთის (დამოუკიდებელ სახელმწიფოდ) აღიარების სტატუსთან, ხოლო საქართველოს მხრიდან ხელმოწერაზე არდათანხმებას აფხაზეთი აცხადებს, როგორც პოტენციური ომის საფრთხეს. უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა, საერთაშორისო არენის გარდა, ამ საკითხს ადგილობრივ საზოგადოებაში ხშირად იყენებს შიდა პოლიტიკაში კრიზისის გადალახვის საშუალებად – ომის საფრთხესთან დაკავშირებული სპეკულაცია ადგილობრივ მთავრობას ლეგიტიმაციას აძლევს, ავტოკრატიული გადაწყვეტილებები მიუღოს.
ქართული მხარისთვის ეს საკითხი უფრო მკაფიოა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას თანახმად, საქართველოს საერთაშორისო დონეზე არაერთხელ აქვს აღიარებული, რომ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან ურთიერთობის რეგულირებას სამხედრო ძალით არ აპირებს. ასეთი პუნქტები მოცემულია 2008 წლის ექვსპუნქტიან გეგმაში, ასევე, საქართველოს მთავრობის განკარგულებაში (№107 2010 წლის 27 იანვარი). “სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით” დოკუმენტის პრეამბულაში ნათქვამია, რომ “საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის, მიაღწიოს დასახულ მიზნებს მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით. ის გამორიცხავს სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობას”. ასეთივე ჩანაწერი არსებობს 2014 წილს ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაში.
ფაქტი, რომ საქართველო არ აწერს ხელს სამშვიდობო ხელშეკრულებას, გამოწვეულია არა იმით, რომ აფხაზეთთან სამხედრო გზით საკითხის გადაწყვეტა განიხილება, არამედ, ის პირდაპირ უკავშირდება აფხაზეთის პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსის საკითხს. მიუხედავად ამისა, ლოგიკურია შეკითხვა: თუ სოხუმისა და ცხინვალისთვის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერა პრობლემურია, ადგილობრივ საზოგადოებაში შიშს იწვევს, ხოლო დე ფაქტო პოლიტიკოსებისთვის სპეკულაციის საგნად იქცევა, რატომ ვერ მოახერხა თბილისმა ისეთი ალტერნატიული სამშვიდობო ხელშეკრულების შეთავაზება ამ რეგიონებისთვის, რომ თავიდან იქნას არიდებული, ერთი მხრივ, საზოგადოების შფოთვა, მეორე მხრივ კი, ადგილობრივი პოლიტიკოსების შესაძლო მანიპულაციის მცდელობები?
რეაქციები: თბილისი, სოხუმი, ცხინვალი
თბილისის მარტის აქციებზე, მოსკოვის გამოხმაურებებთან ერთად, გამოჩნდა ცხინვალისა და სოხუმის ოფიციალური განცხადებებიც. 13 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია, რომ “საქართველოსთან მოსაზღვრე აფხაზეთის გალის რაიონში” სამდღიანი ერთობლივი წვრთნები მიმდინარეობს. აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დიმიტრი დბარმამ განაცხადა: „მსგავს წვრთნებს რეგულარულად ვატარებდით კვარტალში ერთხელ, მაგრამ საქართველოში შექმნილი ვითარებისა და შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით, უფრო ხშირად ჩავატარებთ მსგავს ღონისძიებებს, რათა შევიმუშაოთ მექანიზმები მოსახლეობის ანტიტერორისტული დაცვის უზრუნველსაყოფად“. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო “რესის” ცნობით კი, ცხინვალი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მარტის აქციებთან დაკავშირებით. განცხადების მიხედვით, აქციის მონაწილეთა ლოზუნგები გასცდა “საქართველოს შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის საზღვრებს და დაიწყეს ხალხის მოწოდება ახალი კამპანიისკენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ”.
სოხუმისა და ცხინვალის რეაქციებზე ოფიციალური თბილისის პასუხი უცვლელია, რომ საქართველო არ აპირებს “მეორე ფრონტის” გახსნას, თუმცა აფხაზებისა და ოსებისადმი პირდაპირი მიმართვა ქართველ პოლიტიკოსებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
კიდევ ერთი რუსული გაკვეთილი
თბილისის 7-9 მარტის აქციები, რომელიც “უცხოური გავლენის აგენტის” კანონის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გაიმართა, სპეკულაციის საგნად იქცა როგორც ადგილობრივ პოლიტიკაში, ისე ცხინვალსა და სოხუმში. რუსულმა მხარემ კი მოცემული მდგომარეობა კიდევ ერთხელ გამოიყენა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ.
თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში ომის ტრავმა ცოცხალია. მოუშუშებელი ტრავმების გამო საზოგადოებები მოწყვლადი ხდებიან ისეთი დეზინფორმაციის მიმართ, რომელიც ომის საფრთხეს შეეხება. სწორედ ამიტომ, რისი სწავლაც ამ “რუსული გაკვეთილიდან” კონფლიქტით გაყოფილმა საზოგადოებებმა უნდა შეძლონ, არის პირდაპირი კომუნიკაცია, რუსეთისა და მისი საინფორმაციო წყაროების გარეშე.