ახალი ამბები

ირანელებმა ტრადიციული დღესასწაული პროტესტისთვის გამოიყენეს

16 მარტი, 2023 • 856
ირანელებმა ტრადიციული დღესასწაული პროტესტისთვის გამოიყენეს

ირანელებმა ტრადიციული დღესასწაული ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტისთვის გამოიყენეს. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები საპროტესტო სლოგანებს სკანდირებდნენ, ზოგიერთმა ქალმა კი დაწვა თავსაბურავი, რომლის ტარებაც კანონითაა სავალდებულო.

დღესასწაული ჩაჰარშანბე სური (მიახლოებითი თარგმანი: “ალისფერი ოთხშაბათი”), რომელიც ცეცხლთაყვანისმცემლობიდან მომდინარეობს, სპარსულ ახალ წელთანაა დაკავშირებული. ახალი წელი ირანელებმა მომდევნო კვირაში უნდა აღნიშნონ.

ჩაჰარშანბე სურის ფარგლებში, ადამიანები ღია სივრცეებში კოცონს ანთებენ, ზემოდან ახტებიან და სურვილებს ჩაუთქვამენ მომდევნო წელიწადს.

ვიდეოების მიხედვით, მიმდინარე კვირაში, განსაკუთრებით 14 მარტის ღამით, მოქალაქეთა ჯგუფებმა სხვადასხვა ფორმით გამოხატეს პროტესტი თეირანში, ქარაჯში, გორგანში, რაშთსა და სხვა ქალაქებში.

კადრების თანახმად, თეირანში ქალებმა ცეცხლზე დაწვეს სავალდებულო თავსაბურავები. აღნიშნული საპროტესტო აქტი გასული წლის სექტემბერში ირანში დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სიმბოლოდ იქცა.

კიდევ ერთ ვიდეოში, აქტივისტების ცნობით, ჩანან მოქალაქეები, რომლებიც ასაფეთქებლებს ესვრიან უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს, სხვა კადრები კი ასახავს ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის პორტრეტის დაწვას, რა დროსაც ადამიანები სკანდირებენ: “თავისუფლება! თავისუფლება! თავისუფლება!”

სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოსულები ასევე ყვიროდნენ: “სიკვილი დიქტატორს!”, “სიკვდილი ხამენეის!”, “ქალი, სიცოცხლე თავისუფლება!” და “ეს წელი სისხლის წელია, სეიდ ალი [ხამენეი] დაემხობა”.

გასულ წლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება არ გამოირჩეოდა კეთილგანწყობით ჩაჰარშანბე სურის მიმართ: დღესასწაული ისლამამდელი ეპოქიდან მოდის, მეორე მხრივ კი, ის საშუალებას აძლევს ირანელებს, ქუჩებში შეიკრიბონ და უკმაყოფილება გამოხატონ ხელისუფლებისადმი.

მიმდინარე წელს ჩაჰარშანბე სურის თანმდევი პროტესტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემონსტრაციების კონტექსტში, რომლებიც ქვეყანაში გასული წლის სექტემბერში, 22 წლის მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ გაჩაღდა.

ეთნიკურად ქურთი ქალი, რომელიც ე.წ. მორალის პოლიციამ ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა, კომაში ჩავარდა და მალევე დაიღუპა.

უფლებადამცველთა ცნობით, მაჰსა ამინი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

დემონსტრაციები, რომლებმაც მალევე მიიღო მმართველი რეჟიმის საწინააღმდეგო სახე, არაერთგზის შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ისლამური რესპუბლიკისთვის მისი არსებობის ისტორიაში.

ირანული უფლებადამცველი ჯგუფის, HRANA-ს მონაცემებით, ძალოვანთა მიერ პროტესტის ჩახშობის მცდელობისას 500-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს, რომელთაგან 71 არასრულწლოვანი იყო. მისივე ცნობით, მოკლულია სამთავრობო ძალების 70 წევრიც. ჯამში, 19 763 მოქალაქე დააკავეს.

13 მარტს ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ქვეყნის სულიერმა ლიდერმა აქციებზე დაკავებული 22 000-ზე მეტი ადამიანი შეიწყალა. მისი სიტყვებით, შეწყალებულებს არ ჩაუდენიათ ქურდობა ან ძალადობრივი დანაშაული. როგორც AP News წერს, მისი კომენტარი მიანიშნებს, რომ დემონსტრაციებში დაკავებულთა რეალური რაოდენობა კიდევ უფრო დიდია.

ირანის ხელისუფლებამ თებერვალში აღიარა, რომ პროტესტისას “ათობით ათასი” ადამიანი დააკავეს. ის მრავალგზის ცდილობს დემონსტრანტთა დისკრედიტაციას და გარე მტრისგან მართულ “მეამბოხეებს” უწოდებს მათ.

უკანასკნელ პერიოდში, მათ შორის, დევნისა და სიკვდილით დასჯის განაჩენების ფონზე, დემონსტრაციები შენელდა, თუმცა პროტესტი სხვადასხვა ფორმით გრძელდება:

ღამის საათებში მოქალაქეები ფანჯრებიდან და სახლის სახურავებიდან სკანდირებენ სლოგანებს. ამავე დროს, ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ წვავენ ქუჩებში განთავსებულ სამთავრობო ბანერებს, კედლებზე კი საპროტესტო წარწერებს ტოვებენ.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბევრი ქალი თავსაბურავის გარეშე გადაადგილდება, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი მათ ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი