ახალი ამბები

წინასაარჩევნო გამოკითხვებით, თურქეთის ოპოზიცია ერდოღანს ამარცხებს

15 მარტი, 2023 • 5617
წინასაარჩევნო გამოკითხვებით, თურქეთის ოპოზიცია ერდოღანს ამარცხებს

თურქეთში წინასაარჩევნოდ ჩატარებული ახალი გამოკითხვების მიხედვით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ოპოზიციური ალიანსის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი უსწრებს.

რამდენიმე გამოკითხვის მიხედვით, ერდოღანის კონკურენტს, “რესპუბლიკური სახალხო პარტიის”(CHP) ლიდერს, ქემალ ქილიჩდაროღლუს, ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი უჭერს მხარს, მოქმედი პრეზიდენტის მხარდაჭერის საშუალო მაჩვენებელი კი 44%-ია.

კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ოპოზიციური კოალიცია საპარლამენტო არჩევნებშიც ამარცხებს მმართველ პარტიასა და მის მოკავშირეს.

Aksoy Research-ის მიერ მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქილიჩდაროღლუ 55.6%-ით ლიდერობს, ერდოღანს კი ამომრჩეველთა 44.4% უჭერს მხარს.

ამავე კვლევით, ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტიებს, ჯამურად, ამომრჩეველთა 44.1% ემხრობა, თურქეთის მმართველ “სამართლიანობისა და განვითარების პარტიასა”(AKP) და მის მოკავშირეს,  “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას”(MHP) კი — 38.2%. ოპოზიციურ, პრო-ქურთულ “ხალხთა დემოკრატიულ პარტიას”(HDP), ამ გამოკითხვით, ამომრჩეველთა 10.3% უჭერს მხარს.

კიდევ ერთი გამოკითხვით, რომელიც Alf Research-მა 6-7 მარტს ჩაატარა, ოპოზიციური ალიანსის კანდიდატ ქილიჩდაროღლუს 55.1%-იანი მხარდაჭერა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ ერდოღანს კი — 44.9%.

ამავე კვლევით, ოპოზიციურ ბლოკს, ჯამურად, ამომრჩეველთა 43.5% უჭერს მხარს, “ხალხთა დემოკრატიულ პარტიას” — 11.3%, ერდოღანის პარტიისა და მისი მოკავშირის ჯამური მხარდაჭერა კი 37.5%-ია.

კიდევ ერთი, Piar Research-ის კვლევით, რომლის შედეგებიც 10 მარტს გამოქვეყნდა, ქემალ ქილიჩდაროღლუ 57.1%-ით ლიდერობს. ერდოღანს კი 42.9%-იანი მხარდაჭერა აქვს. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს: ოპოზიციური ბლოკი 46.4%-ით ლიდერობს, AKP-MHP-ს ალიანსი კი — 37.8%-ით მარცხდება.

მარტში ჩატარდა კიდევ ერთი გამოკითხვა კომპანია ORC Research-იც მიერ, რომლის თანახმადაც ქემალ ქილიჩდაროღლუს ამომრჩეველთა 56.8% უჭერს მხარს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს — 43.2%. კვლევა 4-6 მარტს ჩატარდა, მცირე ხნით ადრე, სანამ ქილიჩდაროღლუს ოფიციალურად დაასახელებდნენ საერთო კანდიდატად.

წლევანდელი კენჭისყრა არაერთგზის ფასდება როგორც ერთ-ერთი ყველაზე თუ არა, ყველაზე დიდი საარჩევნო გამოწვევა ერდოღანის 20-წლიანი მმართველობის ისტორიაში.

ქვეყნის მზარდ ეკონომიკურ პრობლემებს დაემატა თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრაც, რომლის შემდეგაც ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკა გაისმა ბუნებრივი კატასტროფისთვის ქვეყნის მოუმზადებლობის, კოორდინაციის ნაკლებობისა თუ კორუფციის კონტექსტში.

მოქმედი პრეზიდენტის გამოწვევათა შორისაა იდეოლოგიურად განსხვავებული 6 პარტიის გაერთიანებაც ალიანსში, რომელმაც თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ საერთო კანდიდატად მიმდინარე თვეში დაასახელა.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში მაისშია დაგეგმილი.

ამავე თემაზე:

თურქეთის ოპოზიციურმა კოალიციამ საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელა

მასალების გადაბეჭდვის წესი