ახალი ამბები

კუბილიუსი ღარიბაშვილზე: ამგვარი პროპაგანდის კრემლშიც კი უნდა შეშურდეთ

14 მარტი, 2023 • 965
კუბილიუსი ღარიბაშვილზე: ამგვარი პროპაგანდის კრემლშიც კი უნდა შეშურდეთ

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს თემაზე გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებებს. ევროპარლამენტარმა პროპაგანდად შეფასა ღარიბაშვილის განცხადებები, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, და აღნიშნა, რომ ამგვარი პროპაგანდის კრემლშიც კი უნდა შეშურდეთ:

„ჩვენ ვიცით, რა ძლიერად სურს ქართველ ხალხს, საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, მაგრამ არსებობს არაერთი პრობლემა ამ გზაზე. ერთ-ერთის სახელია ბიძინა ივანიშვილი. სამწუხაროდ, ქვეყნის მთავრობა უფრო და უფრო მეტ პრობლემას ქმნის ამ გზაზე. ამიტომ არიან მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ციხეში, ამიტომაც ვიხილეთ კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ. ეს კანონპროექტი გამიზნული პოლიტიკური პროვოკაცია იყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამგვარი ქმედებები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც ევროკავშირი ითხოვს საქართველოსგან, როგორიცაა პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზება.

კარგია, რომ ქართველმა ხალხმა შეძლო და დაიცვა საკუთარი ევროპული მისწრაფება, მაგრამ არ უნდა ვიყოთ ნაივურები და ვიფიქროთ, რომ ეს იყო უკანასკნელი პოლიტიკური პროვოკაცია მთავრობის მხრიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საინტერესო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ „ევროკავშირმა უმჯობესია საკუთარ თავს მიხედოს“ და თითქოს „ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას“. კრემლს უნდა შეშურდეს ამგვარი პროპაგანდის. ეს გზა არ მიდის კანდიდატის სტატუსამდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის გვერდით დგომა“ ,— აცხადებს ევროპარლამენტარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი