„გადაწყვეტილება დღეს რომ მიიღებოდეს, ძალიან ძნელი [სათქმელი] იქნებოდა“, — განაცხადა კატერინა მატერნოვამ, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების პერსპექტივაზე საუბრისას.
„ბურთი მეტწილად საქართველოს მხარესაა – საქართველოს მთავრობის, მაგრამ ასევე სამოქალაქო საზოგადოების, პარლამენტისკენ… სამოქალაქო ჩართულობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანია. კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება დღეს რომ იყოს მისაღები, ძალიან რთული იქნებოდა გვემსჯელა, მაგრამ აშკარად ჯერ კიდევ არსებობს ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას 12 რეკომენდაციიდან. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა.
ეს ნიშნავს, რომ წელს პირველად საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, მოხვდება გაფართოების პაკეტში. ეს იქნება ევროპული პერსპექტივის მქონე ყველა ქვეყნის ძალიან საფუძვლიანი და დეტალური შეფასება. არის დრო ძალიან საფუძვლიანი შეფასებისთვის, თუ სად დგას საქართველო და დიდი იმედი მაქვს, რომ დღეიდან შემოდგომამდე ბევრი მიზანი იქნება მისაღწევი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მაგრამ მე ვფიქრობ, ჯერ ძალიან ადრეა [შეფასება]“, — განაცხადა მატერნოვამ.
2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.
ამ რეკომენდაციის საფუძველზე, 2022 წლის 24 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – ევროპული პერსპექტივა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს, მას შემდეგ, რაც შეასრულებს ევროკომისიის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს, მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
ევროკავშირი საქართველოს პროგრესს გაფართოების პაკეტის ფარგლებში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეაფასებს.