სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კრემლის პროპაგანდისტებს, მარგარიტა სიმონიანს, კონსტანტინ ზატულინს და არამ გაბრელიანოვს, სომხეთის ხელისუფლების მიმართ უპატივცემლობის გამო, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
ამის შესახებ ფაშინიანმა დღევანდელი, 14 მარტის პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
“ამ ხალხს 1% მაინც რომ გაეკეთებინათ იმისა, რაც სომხეთს გაუკეთეს, იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ, საკუთარ სახლებში ვიზების გარეშე ვერ დაბრუნდებოდნენ”, – ამბობს ფაშინიანი.
ამის შემდეგ სიმონიანმა ფაშინიანს სომეხი ხალხის მოღალატე, არარაობა უწოდა, რომელსაც სძულს რუსეთი და ატყუებს პუტინს.
სომხეთის ხელისუფლებამ RT-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს და რუსეთის პარლამენტის დეპუტატს, კონსტანტინ ზატულნს სომხეთში ჩასვლა 2022 წლის ოქტომბერშიც აუკრძალა იმ მიზეზით, რომ 2020 წლის ყარაბაღის ომში დამარცხებაში ზატულინი სომხეთის ხელისუფლებას ადანაშაულებდა. მარგარიტა სიმონიანმა კი იქამდე რუსეთში მცხოვრები სომხების სახელით ფაშინიანი დაადანაშაულა არაოფიციალურ ანტირუსულ პოზიციებში.