ახალარჩეული სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიერ გამართულ აქციას და აცხადებს, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინ პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს.
ლევან იოსელიანი ხაზს უსვამს, რომ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ შეკრება არ უნდა ახალისებდეს ძალადობას და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს:
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციური ჩანაწერით არის გამყარებული.
რა თქმა უნდა, ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა ნებისმიერი შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა ახალისებდეს ძალადობას და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს“, — აცხადებს ლევან იოსელიანი.
14 მარტს პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, პრორუსულმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშის დაწვა მაინც შეძლეს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრორუსული ძალადობრივი ჯგუფები პარლამენტთან აღმართულ ევროკავშირის დროშას ხსნიან და წვავენ. ისინი ასე მოიქცნენ 2021 წლის 5-6 ივლისს აქციების დროს, როცა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხიეს.
2022 წლის იანვრიდან საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, ნატოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის სასჯელს ითვალისწინებს.