ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საჭიროა შერიგების სამინისტროს ნებართვა ენგურზე სურსათის და ტექნიკის გადატანაზე”

13 მარტი, 2023 •
“საჭიროა შერიგების სამინისტროს ნებართვა ენგურზე სურსათის და ტექნიკის გადატანაზე”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ენგურზე გადამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამინისტრო  ნებართვას გასცემს ტვირთის რაოდენობაზე.

“მოქალაქეებს ენგურს მიღმა ექმნებათ პრობლემები და ეს პრობლემა არის შერიგების სამინისტროს წარმომადგენელი, თორნიკე ხონელიძე. აღმოჩნდა, რომ ამ ბატონს თავის თავზე აუღია ჩვენი მოქალაქეების სურსათის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების კონტროლი და ,,საბაჟოს” ატარებს მათ. ყველა გალელმა იცის ახლა, რაზეც ვსაუბრობ და ვინც არ იცით, აგიხსნით. როდესაც გალში გადადიან ჩვენი მოქალაქეები, ზუგდიდში ნაყიდი საყოფაცხოვრებო ნივთები და სურსათი მიაქვთ შინ, მაგრამ შერიგების სამინისტროს წარმომადგენელი უქმნით პრობლემას, უნდა აიღონ მისგან ნებართვა 20 კილო ყველზე, 50 ლიტრ ღვინოზე, 1 მაცივარზე და კიდევ ათას წვრილმანზე. აგერ მტკიცებულებებიც”.

ძალიან დიდი ხანია ვიკავებ თავს, ახლა ამის დრო არ არის, სხვა თემებია აქტუალური და არავინ მიაქცევს ყურადღებას-მეთქი,…

Posted by Mariam Sitchinava on Monday, 13 March 2023

შერიგების სამინისტროდან პროდუქციის გადატანაზე ნებართვის მიღების შესახებ ინფორმაცია “დროას” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ გაავრცელა.

“ეს წერილობითი ნებართვა საჭიროა ე.წ. მესაზღვრეებთან [ქართულ მხარეს] წარსადგენად, იქ, სადაც გადამსვლელი ადამიანები გადიან რეგისტრაციას. როდესაც გამშვებ პუნქტთან მიდიხარ, იქ გეუბნებიან, რომ უნდა დაუკავშირდე თორნიკეს [შერიგების სამინისტროს წარმომადგენელს] და მიიღო ნებართვა. ჩემთვის ცნობილია, რომ 25 დეკემბერს მოქალაქე დილის 12 საათიდან საღამოს 17 საათამდე ელოდა ასეთ ნებართვას მაცივრის გადატანაზე. გასათვალისწინებელია ის, რომ აქ არ არის საუბარი რაიმე სანქცირებულ პროდუქციაზე”, – უთხრა ნეტგაზეთს მარიამ სიჭინავამ.

კომენტარისთვის შერიგების სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ პასუხის შემთხვევაში, შეგვატყობინებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი