თბილისში, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფონდი „ქართუს“ პროექტი მერიამ დაუხარვეზა. პროექტის ფარგლებში იგეგმებოდა გმირთა მოედნის მიმდებარედ, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე, 65-სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის აშენება.
მერიაში აცხადებენ, რომ ლაგუნა ვერეს მიმდებარე არეალის მოწესრიგების და განვითარების მიზნით, განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებაზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ კომპანია პროექტის და დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით ახალ განაცხადს წარმოადგენს და ძველს მსვლელობა აღარ მიეცემა:
„როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ხშირად ხდება მერიის მხრიდან ხარვეზის დადგენა, შემსრულებლის მიერ მისი გამოსწორება და ხელახლა წარმოდგენა. მოცემულ შემთხვევაშიც კომპანია პროექტის და დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით ახალ განაცხადს წარმოადგენს და ძველს მსვლელობა აღარ მიეცემა“ ,— განუცხადეს ნეტგაზეთს მერიაში.
მშენებლობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ოპოზიციონერმა ირაკლი აბესაძემ 2023 წლის იანვარში გაავრცელა. პროექტი ატვირთული იყო მუნიციპალური განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, მასზე გადაწყვეტილება კი ჯერ არ იყო მიღებული.
დოკუმენტაციის თანახმად, დამკვეთი შპს “კოსტავას 69” ითხოვდა, რომ მუნიციპალიტეტს ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება შეეთანხმებინა. თუ ეს ასე მოხდებოდა, კომპანიას სხვა პროცედურების გავლაც მოუწევდა და შემდეგ შესაძლებლობა მიეცემოდა, ქალაქის ცენტრში ორკოშკიანი, მულტიფუნქციური კომპლექსი აეშენებინა.
კომპანია „კოსტავას 69-ს“ დირექტორი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“.
ვრცლად წაიკითხეთ: ლაგუნა ვერეს გვერდით „ქართუ“ 65-სართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს
