ახალი ამბები

აღიარებითი ჩვენება მოგვცეს, სააკაშვილი არის მათი აგენტი – ღარიბაშვილი ევროპარლამენტზე

12 მარტი, 2023 • 1367
აღიარებითი ჩვენება მოგვცეს, სააკაშვილი არის მათი აგენტი – ღარიბაშვილი ევროპარლამენტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა „ოცნებას“ აღიარებითი ჩვენება მისცა, თითქოს მიხეილ სააკაშვილი მათი აგენტია.

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების და ამ აქციების დარბევის შემდეგ ღარიბაშვილმა პირველი ინტერვიუ „იმედს“ მისცა. ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა მას ჰკითხა ევროპარლამენტარების მოწოდებაზე გადაევადებინათ სააკაშვილისთვის სასჯელი – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

„მე რამდენიმე დღის წინ განცხადება გავაკეთე და ვთქვი, რომ ევროპარლამენტმა თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა, გვითხრა, რომ სააკაშვილი, ძალიან მარტივად რომ დავარქვათ სახელი ყველაფერს, სააკაშვილი არის მათი აგენტი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან. ეს ასე არ მოხდება. ჩვენ მათ ვუთხარით და ჩვენს ძალიან ბევრ პარტნიორს, რომ სააკაშვილმა ძალიან ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა. ისეთი, როგორიც არის გირგვლიანის მკვლელობა და ამ საქმეში მისი მონაწილეობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, ყოფილი დეპუტატის, რომელიც სიკვდილის პირას მიიყვანეს, ისე ცემეს, ტელეკომპანია “იმედის” მითვისება, კორუფციული  ბრალდებები და ბოლოს, ახლა დაიმატა ამ ადამიანმა, უკანონოდ შემოიჭრა ქვეყანაში, საზღვრის უკანონო კვეთა. აი ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ არავითარი სამართლებრივი გამოსავალი, არც სურვილი, რომ რაღაც კანონი დავარღვიოთ, არ არსებობს. ჩვენ კანონს ვერ დავარღვევთ, ჩვენ ვერ დავარღვევთ კონსტიტუციას,“ – აცხადება ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ პატიმარზე ბევრი საუბარი არ უნდა, თუმცა თქვა, რომ მისი ინფორმაციით – „ სააკაშვილმა დედამისის მეშვეობით დაიქირავა, მილიონი დოლარი გადაიხადა ლობისტურ საქმიანობაში,“. 

„ევროპარლამენტმა სჯობია თავის თავს მიხედოთ, ასი ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში, ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?!,“ – დასძინა მან და კვლავ გაიმეორა, რომ ევროპარლამენტართა ნაწილს „საქართველოს ომში ჩართვა სურს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი