ახალი ამბები

NGO -ები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს ტოვებენ

10 მარტი, 2023 • 1199
NGO -ები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს ტოვებენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობას აჩერებენ. ამის შესახებ ისინი განცხადებას ავრცელებენ.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტთან 2015 წლიდან თანამშრომლობენ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმართულებით.

მათი განცხადებით, მაშინ, როცა საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც იყო რუსეთში არსებული კანონის ანალოგი, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობის პერსპექტივას ვეღარ ხედავენ.

„კანონპროექტის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანზაციების იძულება, დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეესტრში“, რათა მომხდარიყო მათი სტიგმატიზება და საზოგადოებაში დისკრედიტირება, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების კონტროლი, საბოლოო ჯამში კი, მათი საქმიანობის შეზღუდვა და გაუქმება“, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

მათი განცხადებით, 2015 წლიდან საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი ლიდერი OGP-ში და ამ პერიოდში საპარლამენტო ღიაობის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რომელთა მონაწილე და მთავრი ინიციატორი იყო სამოქალაქო საზოგადოება.

მათ შორის, საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, რომელთანაც არსებობს საკონსულტაციო ჯგუფი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების შემადგენლობით.

„ჩვენ წლების განმავლობაში, კანონმდებლებთან და პარლამენტის აპარატთან ერთად, დონორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით, ვმუშაობდით და მხარს ვუჭერდით რეფორმებს, რომლებიც მოიცავდა საკანონმდებლო ცვლილებებს და პრაქტიკულ სამუშაოებს. რეფორმები განხორციელდა საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის და ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მეტ ღიაობას, ინკლუზიური გარემოს შექმნას, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეების ჩართულობას.

დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა პარლამენტის ვებგვერდი, პარლამენტის შენობის ინფრასტრუქტურა გახდა შშმ პირებზე ადაპტირებული, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის ლობისტების რეესტრი, სტატისტიკური მონაცემები და ასე შემდგ. დაინერგა საპარლამენტო პეტიციების პლატფორმა, შეიქმნა და ტექნიკით აღიჭურვა მოქალაქეთა მისაღები, შეიქმნა პარლამენტის მობილური აპლიკაცია და სხვა“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ორგანიზაციების განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში მათ მოუწიათ მუშაობა სამი მოწვევის პარლამენტარებთან და ღია მმართველობაზე მუშაობის პროცესი იყო თანამშრომლობითი ფორმატის, მასში მონაწილეობდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ისე ოპოზიცია, მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები იყვნენ ყველა ფრაქციის წარმომადგენელები და საპარლამენტო ღიაობის პროცესში მიღწევებიც ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია.

მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმედღიანი სახალხო პროტესტის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია, მათ ნათლად დაადასტურეს, რომ ისინი რჩებიან რუსული კანონპროექტის პრინციპების ერთგულნი და, სამომავლოდ უფრო აქტიურად გააგრძელებენ საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიას კანონპროექტის მხარდასაჭერად.

„აღნიშნული კანონპროექტის მიმართ გამოითქვა მკაცრი კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეს კანონი შეფასდა, როგორც შეუთავსებელი ევროპულ ფასეულობებთან და პრინციპებთან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო სექტორს და, რაც მთავარია, ცხადად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, საპარლამენტო უმრავლესობამ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მაინც დაუჭირა მხარი“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციები:

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) – საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

მასალების გადაბეჭდვის წესი